კალაძე: ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით ხედვას მალე წარვადგენთ (ვიდეო)

839

წინა სტატია

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას ხედვას, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხები. ამის შესახებ თბილისის მერმა გადაცემა”იმედი LIVE-ის” ეთერში განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, დღეს ისეთი აკრძალვის შემოღება, რომელიც ადამიანებს ექსპლუატაცია მიუღებელ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრებას აუკრძალავს, თბილისში ათასობით ოჯახისთვის პრობლემას შექმნის.

მერის განმარტებით, დღეს უამრავი ადამიანია, რომელიც ისეთ კორპუსებში ცხოვრობს, რომლებიც მერიას ჯერ ჩაბარებული არ აქვს, თუმცა ახლა რეგულაციის შემოღება ამ ოჯახებს პრობლემებს შეუქმნის.

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიიდან მალევე თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა. როგორც კალაძემ ბრიფინგზე განმარტა, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა კანონში ის ცვლილებები, რომელიც დღეს პრობლემებს ქმნის. კერძოდ, 2009 წელს გაუქმდა კანონის ის მუხლი, რომელიც მოქალაქეს ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრების უფლებას უკრძალავდა.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. 4 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. დაშავებულია 8 ადამიანი.

აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. საქმეზე დაკავებულია “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი. მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული