დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა ხუთ რეგიონში ხვალიდან გაგრძელდება

152

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა ხუთ რეგიონში ხვალიდან გაგრძელდება. პროექტის განხილვაში მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კვირას, 20 იანვარს, შეხვედრები ორ რეგიონში ჩატარდება: 11:00 საათზე მცხეთის საკრებულოს დარბაზში მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტებისთვის გაიმართება, ხოლო 15:00 საათზე რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისთვის.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა მომდევნო კვირასაც გაგრძელდება. ორშაბათს, 21 იანვარს, 12:00 საათზე პროექტს თელავში განიხილავენ, ხოლო სამშაბათს, 22 იანვარს, 11:00 საათზე განხილვა გორში ჩატარდება. ორივე შეხვედრა საკრებულოების სხდომათა დარბაზში გაიმართება.

შეხვედრების ციკლი ოთხშაბათს სამცხე-ჯავახეთით დასრულდება. ახალციხეში განხილვა 23 იანვარს 12:00 საათზეა დაგეგმილი.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი დასავლეთ საქართველოს ხუთ რეგიონში უკვე განიხილეს. შეხვედრები ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში გასულ კვირას ჩატარდა.

საკონსულტაციო შეხვედრებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია მართავს. განხილვებში აქტიურად არიან ჩართული კოალიციის “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ საკუთარი წინადადებები მთავრობას უკვე წარუდგინეს, ხვალ კი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნობენ.

დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა და მასში, ძირითადად, სამი მიმართულებაა გაწერილი – ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა.