კალაძე: შენობის ჩაბარებისას გაზის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მერიის კომპეტენცია არაა (ვიდეო)

907

“შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

“მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გავუსვა ხაზი. პირველი – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოება, მოქმედი კანონმდებლობით, არავითარ კავშირში არ არის ექსპლუატაციაში მიღებასთან. მე მინდა ავხსნა, ზოგადად როგორ ხდება ექსპლუატაციაში მიღება. არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვას, შემდეგ როდესაც დასრულდება იმ შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს. ასე ხდება ექსპლუატაციაში მიღება. რაც შეეხება იმ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას, სადაც აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორდა, შემოაბრუნეს ისევ მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში ექსპლუატაციაში იქნებოდა მიღებული ეს შენობა.

მეორე – ხაზი მინდა გავუსვა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. რა თქმა უნდა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის შეყვანა ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული,“ – განაცხადა კახა კალაძემ.