საკრებულომ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შეიტანა

709

თბილისის საკრებულომ თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილება შეიტანა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი დეპუტატებს განსახილველად თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარუდგინა. აღნიშნული პროექტი ბიუჯეტში სამ ცვლილებას ითვალისწინებდა, კერძოდ, ცვლილებების პროექტით თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის მოცულობა 359 000 ლარით გაიზარდა. ლევან მიქავას განცხადებით, ეს თანხა 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან იყო გამოყოფილი. ასე რომ, მოხდა აღნიშნული თანხის თბილისის ბიუჯეტში ასახვა. ლევან მიქავას თქმით, გარდა ამისა, ბიუჯეტში მოძიებული ეკონომიების (ტენდერებიდან მიღებული) ხარჯზე 1 500 000 ლარის გადატანა მოხდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის პროგრამაში.

როგორც სხდომაზე ითქვა, თანხა ბაღების მოასფალტებას და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგებას მოხმარდება. სულ ამ მიზნით დაიხარჯება 2 300 000 ლარი და სამუშაოები თბილისის 30 ბაღში შესრულდება. მესამე მიმართულება ეს არის ნაძალადევის რაიონის კეთილმოწყობის ღონისძიებებში მოძიებული 200 000 ლარის თანხის გადატანა ბინის ქირის უზრუნველყოფის პროგრამაში. მიქავამ სხდომაზე განაცხადა, რომ ეს თანხა ავარიული შენობებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფას მოხმარდება.

პროექტს საკრებულოს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ოპოზიციონერი დეპუტატები ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეულ შენიშვნებს გამოთქვამენ. კერძოდ, ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ლევან მიქავას მიმართა, რომ ავარიული სახლების გამაგრების პროგრამებისთვისაც ასევე უნდა ხდებოდეს ტენდერებიდან მიღებული ეკონომიების გამოძებნა და ეს მიმართულებაც პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი