ბახტაძე: აჭარის მთავრობასთან ერთად ახლა ვმუშაობთ, რომ სოფლის მხარდაჭრის პროგრამის მსგავსი პროგრამა აჭარის სოფლებშიც განხორციელდეს

871

წინა სტატია

“აჭარის მთავრობასთან ერთად ახლა ვმუშაობთ, რომ სოფლის მხარდაჭრის პროგრამის მსგავსი პროგრამა აჭარის სოფლებშიც განხორციელდეს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რა პრინციპით ამოქმედდა სხვა სოფლებში პროგრამა და რატომ თქვა ცენტრალურმა მთავრობამ მის აჭარაში განხორციელებაზე უარი, პრემიერმა მიზეზები არ განმარტა. მხოლოდ ის თქვა, რომ მუშაობა საკითხზე მიმდინარეობს. “ჩვენ აჭარის ხელმძღვანელობასთან ერთად ვსაუბრობთ მსგავსი ინიციატივის დანერგვაზე აჭარაშიც. ამ შემთხვევაში, კრიტერიუმები შეიძლება იყოს ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ აჭარაშიც აუცილებლად მსგავსი პროექტი განხორციელდება,” – განაცხადა ბახტაძემ.

როგორც ცნობილია, წინა წლებისგან განსხვავებით, 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან თანხებს ცენტრალური მთავრობისგან აჭარის სოფლები ვერ მიიღებენ. ეს ინფორმაცია აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან მათთვის ბოლო წუთამდე არავის უთქვამს, რომ პროგრამის განხორციელება აჭარაში გადაიფიქრეს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ საკითხზე მკაფიო განმარტებას არ აკეთებს. ერთადერთი, რაც ითქვა, არის ის, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ამგვარი პროგრამა აჭარის მთავრობამ დამოუკიდებლად შეიმუშაოს და თავად დააფინანსოს 322 სოფლის საჭიროებები. ფაქტია, რომ ამისთვის მზად არც აჭარის მთავრობა იყო და პროგრამისთვის თანხების მოძიება ახლა მიმდინარეობს. ამიტომაც, ჯერ-ჯერობით, უცნობია, რა თანხებით განხორციელდება პროექტი, ან განხორციელდება თუ არა ის წელს საერთოდ. დღევანდელი მოცემულობით, ფაქტია, რომ აჭარის 322 სოფელი სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გათიშულია.