რა შენიშვნები აქვთ სამეგრელოს თვითმმართველობების ხელმძღვანელებს დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან დაკავშირებით

1201

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ლაივპრესი

სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებმა დეცენტრალიზაციის სტრატეგია გააცნეს.

მერებმა მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს და სამინისტროს თავიანთი წინადადებებით მიმართეს.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტს აქვს თავისი წინადადებები. მაგალითად, ეს ეხება ქონების გადასახადის ადმინისტრირების კიდევ უფრო მეტი სრულყოფას; ასევე, საკითხი დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირებისა და აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით; ასევე, მუნიციპალიტეტის კომპეტენციისა და ჩართულობის გაზრდის საკითხებთან დაკავშირებით. არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიცვალოს”, – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ.

ფოთის მერის მოადგილის, გიორგი ფარეშიშვილის თქმით, მაშინ, როცა ფოთის პორტი ახორციელებს მნიშვნელოვან გადაზიდვებს, ქალაქი არ უნდა იყოს დამოკიდებული ცენტრალურ ბიუჯეტზე.

“ნიკო ნიკოლაძის დროსაც არსებობდა მოსაკრებლები ქალაქში. ბევრად კარგად შეიძლება იყოს დღეს ჩვენი ქალაქი, რაც ჩვენს ქალაქში გვაქვს – პორტის ტვირთგადაზიდვები და ასე შემდეგ. შეგვიძლია, ბევრად ნაკლებად ვიყოთ მიბმულები ცენტრალურ ბიუჯეტზე”, – განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

აბაშის მერი ლევან მაკალათია დაინტერესდა, თუ როდის დაიწყება მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემა, მან და სხვა თვითმმართველობების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სტრატეგიის განხილვა თითოეულ მუნიციპალიტეტში ცალ-ცალკე უნდა ჩატარდეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგია გულისხმობს უფლებამოსილებების გადაცემას მუნიციპალიტეტებისთვის, ფისკალურ დეცენტრალიზაციას და მოქალაქეთა მეტ ჩართულობას.

“სტრატეგია შემუშავებულია ყველა სამთავრობო უწყების მონაწილეობით და მასში ჩართულები არიან არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მოვისმინეთ წინადადებები და მოსაზრებები მერებისგან და ის თანხვედრაშია ჩვენს ხედვებთან. ხოლო ის მოსაზრებები, რომლებიც არ არის ასახული სტრატეგიაში, ეს არის ჩვენი გასვლითი მეორე შეხვედრა და ყველა რეგიონიდან მიღებული მოსაზრებები შესაბამისად ასახული იქნება სტრატეგიაში”, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

ექსპერტ ირაკლი მელაშვილის აზრით, დოკუმენტი რეალურად, არ არის დეცენტრალიზაციის სტრატეგია.

“როდესაც ვსაუბრობთ მუნიციპალტეტებისთვის უფლებამოსილებების გადაცემაზე, ხდება მხოლოდ იმ უფლებამოსილების გადაცემა, რომელსაც ახლავს ხარჯები და არ ვსაუბრობთ იმ უფლებამოსილებების გადაცემაზე, რომელმაც შეიძლება შემოსავალი მოუტანოს მუნიციპალიტეტს. ჯერჯერობით, მე რაც მესმის სტრატეგიის განხილვის დროს, სტრატეგიაში ასე არ წერია. ძირითადად, იმ უფლებამოსილებებზეა საუბარი, რომლებიც ხარჯებს უზრდის ამ ხალხს”, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა

დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა რეგიონებში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს.