ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე: ჩვენი ქალაქი იჩაგრება, მეტს არაფერს ვიტყვი (ვიდეო)

138

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რადიო “ათინათი”

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიას თქმით, ფოთი იჩაგრება და ამაზე ყურადღება უნდა გამახვილდეს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ აუცილებელია, დაითვალოს, რამდენი იხარჯება ქალაქებში ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქთან შედარებით. ეს განცხადება მან დღეს ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე საუბრისას გააკეთა.

“როგორ ავუხსნა თანაქალაქელებს, რომ ის, რაც ფოთშია, საერთო დოვლათია, კი ბატონო, მაგრამ აბა, დავითვალოთ, ერთ სულ მოსახლეზე დედაქალაქში რამდენი იხარჯება და ფოთში რამდენი? კანონს ვინც წერს, ტრანსფერზე, დღგ-ზე – ეს მოცემულობაც უნდა დავუდოთ და პრობლემიდან გამოსავლის გასაღებიც ესაა. არ მინდა, ემოციებში გადავიდე, მაგრამ ქალაქი იჩაგრება, მეტს არაფერს ვიტყვი. მადლობელი ვართ რეგიონული განვითარების ფონდის, მაგრამ უბრალოდ, ფინანსთა სამინისტრო ყველაზე ბოლოს უნდა ჩაერთოს ამ საკითხებში. ვისაუბრებთ ამ საკითხზე, მივიღებთ სტრატეგიას, მაგრამ ფოთში თანხები ისევ არ იქნება. მაშინ, ალბათ, არც ვიქნები საკრებულოს თავმჯდომარე, მაგრამ ჩემს სათქმელს მაინც ვიტყვი. რას ვაკეთებთ ჩვენ? ველოდებით სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც მოითხოვს ცენტრალური ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს?”- აღნიშნა კაკულიამ.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალაქს, რომელსაც პორტი და კოლხეთის ეროვნული პარკი აქვს, სპეციფიური საჭიროებები გააჩნია.

“უნდა მიეცეს ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება, რომ დააწესოს მოსაკრებლები. განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს. ძალიან კარგია ასეთ სტრატეგიაზე მუშაობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობოებს და აქ დასაქმებულებს ვკითხოთ აზრი, რათა სამომავლოდ ცენტრზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები”, – თქვა ფარეშიშვილმა.

შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.