თვითმმართველი ქალაქი, რომელსაც მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრი არ აქვს (ვიდეო)

812

თვითმმართველი ქალაქი, რომელსაც მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრი არ აქვს. პრობლემა, რომელიც ბათუმში დღემდე მოუგვარებელია. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

გამოუყოფს თუ არა ტერიტორიას  ბათუმის მერია არასამთავრობო ორგანიზაციას ობიექტის მშენებლობისთვის?

იცის რომ, ქუჩაში მყოფ ოთხფეხა მეგობრებს განსაკუთრებით ზამთრის  გადატანა უჭირთ, ამიტომ მათ ყოველდღიურად  კვებავს. გულო ფუტკარაძე მიუსაფარ ცხოველებს  გარეუბნებშიც აპურებს. ქალაქში  დღის განმავლობაში სიცივისა და შიმშილისგან დაავადებული ასობით ძაღლი ხვდება.

გულო ფუტკარაძე მიუსაფარი ცხოველებისთვის თავშესაფრის აშენების აუცილებლობას ხედავს. ამბობს, რომ დაწესებულებაში ოთხფეხა მეგობრებისთვის შესაბამისი გარემო უნდა შეიქმნას, სადაც სამედიცინო დახმარებაც იქნება ხელმისაწვდომი. ცხოველთა უფლებადამცველი მზადაა მერიის მიერ ტერიტორიის გამოყოფის შემთხვევაში ისეთი ობიექტი მოაწყოს, სადაც ცხოველებს არსებობისთვის ელემენტარული პირობები ექნებათ. ქალაქის თვითმართველობას წერილობითაც მიმართა, თუმცა მისი მოთხოვნა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა არ გაითვალისწინეს.

ბათუმის მერიაში ვერ იხსენებენ როდის მიმართა უწყებას გულო ფუტკარაძემ წერილობითი განცხადებით. აქ განმარტავენ,  რომ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მათი პრეროგატივა არ არის და შეთანხმება საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად უნდა იქნას მიღწეული. თუმცა ნუგზარ ცეცხლაძე ქალაქში დაწესებულების მოწყობის საჭიროებას ვერ ხედავს.

ბათუმში და ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე, დაახლოებით, 3 ათასამდე მიუსაფარია ძაღლი ბინადრობს. ბათუმის მერია ოთხფეხა მეგობრებისთვის ბიუჯეტიდან მხოლოდ აღრიცხვის და მონიტორინგის ხარჯებს გამოყოფს. ტენდერში გამარჯვებული კერძო კომპანია ხელშეკრულების თანახმად, ყოველწლიურად ასეულობით ძაღლს ერთი თვის განმავლობაში ერთჯერადად მკურნალობს.