მწვანე კონცხის განაშენიანების შესახებ დადგენილება სახალხო დამცველმა უკანონოდ მიიჩნია

751

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება, რომლითაც “მწვანე კონცხზე”  28 სართულიან სასტუმროს კომპლექსი უნდა აშენდეს უკანონოდ მიიჩნია. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმის საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილებით, მწვანე კონცხის ტერიტორიაზე შპს “ელიტ კონსტრაქშენ გრუპის” საკუთრებაში  20 366 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, სასტუმროსა და სხვა ფუნქციური დანიშნულების კომპლექსის მშენებლობისთვის  განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე არსებულ მიწის ნაკვეთს საკურორტო-სარეკრეაციოზონის სტატუსი გაუუქმდა და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 2 მიენიჭა.  ამავე გადაწყვეტილებით, მწვანე კონცხზე განთავსებული სასტუმროს სართულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 28 სართულს.

EMC აღნიშნულ საკითხზე საზოგადოება “ბათომის” სახელით, ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმეს აწარმოებს და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საკრებულომ ქალაქის განვითარების პრინციპებისა და საჯარო ინტერესების უგულებელყოფით მიიღო.

“საქართველოს სახალხო დამცველი მწვანე კონცხის განაშენიანების საკითხზე ქ. ბათუმის საკრებულოსა და მერიის მიმართ გაცემული რეკომენდაციით იზიარებს EMC-ს პოზიციას და უკანონოდ მიიჩნევს აღნიშნულ დადგენილებას. კერძოდ, რეკომენდაციის თანახმად, ქ. ბათუმის საკრებულოს მიერ მითითებული გადაწყვეტილება მიღებული იყო საკითხის ყოველმხრივი გამოკვლევის გარეშე და ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოქმედ რეგულაციებს, რის გამოც არსებობს აღნიშნული გადაწვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ბათუმის საკრებულოს, რომ ბათილად იქნას ცნობილი  საკრებულოს 2018 წლის 28 სექტემბრის დადგენილება და მიიღონ ახალი გადაწყვეტილება საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად”.

ასევე, ნინო ლომჯარია მიმართავს ბათუმის მერიას მწვანე კონცხზე მდებარე მიწის ნაკვეთის თაობაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იხელმძღვანელოს სარეკრეაციო ტერიტორიების შენარჩუნების კანონისმიერი საჯარო ინტერესებისა და რეკომენდაციაში ასახული და მოქმედი სტანდარტების შესაბამისად.

სახალხო დამცველი ორივე უწყებას მოუწოდებს, ორჰუსის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, მომავალში უზრუნველყოფილ იქნას სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე დაინტერესებული საზოგადოების სათანადო და გასაგები ფორმით ინფორმირება და გადაწყვეტილებების მიღების ადრეულ ეტაპზევე მათი ჩართულობა.

რეკრეაციულ ზონაში მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს. ბათუმის მერიის მერიისა და საკრებულო წარმომადგენლები კი ამ გადაწყვეტილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ.