ომბუდსმენი ხელისუფლებას აკრძალული სამშენებლო მასალების სიის განსაზღვრას სთხოვს

1613

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

“ხელისუფლებამ ყველა ღონეს უნდა მიმართოს, რათა ამ ტრაგედიით დაზარალებულმა მოსახლეობამ სრულყოფილი სამედიცინო, ფსიქოლოგიური და ასევე მატერიალური დახმარება მიიღოს.

იმედს გამოვთქვამ, რომ ტრაგედიის მასშტაბებისა და სიმძიმიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოები მაქსიმალურად სწრაფად შეისწავლიან აფეთქების გამომწვევ და დამანგრეველი ეფექტის სიძლიერის მიზეზებს და გამოკვეთენ პასუხისმგებელ პირებს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას, განსაზღვროს იმ სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების კონკრეტული ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია, მაშინ როცა არაერთი სამშენებლო მასალა ხასიათდება არამდგრადი, წვადი თუ სხვა მავნე ბუნებით; ასევე აუცილებელია ობიექტების სახანძრო უსაფრთხოების საკანონმდებლო გარანტიების სრულყოფა“, – ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

ამასთან, ცნობილია, რომ ენერგოომბუდსმენმა დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შესწავლა დაიწყო და კოპანია “ყაზტრანსგაზისგან” ახსნა-განმარტებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება. გამოძიება უკვე მიმდინარეობს. იკითხებიან კომპანია “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლები. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. 8 ადამიანი კი დაშავდა.

17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.