საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი

734

თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის უნივერსალური სისტემა დაინერგება – ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

„ჩვენ სულ მალე გამოვაცხადებთ კონკურსს, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ მეტროს ბარათების მეშვეობით გადახდის უზრუნველყოფას, არამედ პლასტიკური ბარათებითაც იქნება გადახდა შესაძლებელი. სხვადასხვა ბანკის ბარათების გამოყენება იქნება შესაძლებელი, რაც ტურისტებისთვისაც და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ძალიან მოსახერხებელია“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

როდიდან ამოქმედდება გადახდის ახალი სისტემა, მერი აცხადებს, რომ ეს დედაქალაქის მთავრობის ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმების გაზრდასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის განცხადებით, ჯარიმის გაზრდა არ იგეგმება.

ჯარიმის გაზრდის შესახებ ინფორმაცია მგზავრებში გავრცელდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯარიმა, 5-ის ნაცვლად, 20 ლარი გახდება.

წყარო: 1tv.ge