ქუთაისის მერია თეთრი ხიდის რეაბილიტაციაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს

974

წინა სტატია

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას ინფორმაციით, კომპანიას, რომელმაც ქუთაისში, თეთრი ხიდის რეაბილიტაცია არ დაასრულა, 190 ათასამდე ლარი დაუქვითეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებლობა ავრცელებს.

როგორც ჭიღვარიამ განაცხადა, თეთრი ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა, თუმცა კომპანია უპასუხისმგებლო აღმოჩნდა, რომელმაც ხიდის რეაბილიტაცია არ დაასრულა.

“კომპანია, დაახლოებით, 200 ათასი ლარით დაჯარიმებული გვყავს. მას 190 ათას ლარამდე თანხა დავუკავეთ, ხელშეკრულება გავწყვიტეთ, სარჩელი სასამართლოში შევიტანეთ და ხიდს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შევასწავლინებთ, რომლის დასკვნის შემდეგ ხელახალ ტენდერს გამოვაცხადებთ”, – განაცხადა ჭიღვარიამ.

ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ალმა რუს საქართველოს” ხელშეკრულება 5 დეკემბერს შეუწყვიტა.

თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის და რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მერიის ინფორმაციით, მისი რეაბილიტაციისთვის კომპანია “ალმა რუს საქართველოს”  294 900 ლარი გადაურიცხეს.