ხმალაძე: მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისში 220 ახალი ავტობუსი შემოვა

2033

წინა სტატია

თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ავტობუსების ტენდერი დასრულდა და გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. მისი თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში თბილისში 220 ახალი თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა.

ხმალაძის განცხადებით, ავტობუსების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 69 მილიონი ლარია.

“ეს არის 220 8-მეტრიანი “ისუზუს” მარკის ავტობუსი. ამჟამად დარჩენილია გარკვეული პროცედურები, თუმცა გამარჯვებულის გამოვლენის ოქმი უკვე ატვირთულია საიტზე. საერთო ღირებულებაა 69 მილიონ ლარამდე. მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია სატენდერო ვაჭრობამ და წლის განმავლობაში 220 ახალი ავტობუსი შემოვა, თუმცა რა ეტაპებად, ჯერ არ ვიცით, რადგან ხელშეკრულება დადებული არ არის. დამერწმუნეთ, ეს ავტობუსები აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს“, – განაცხადა ხმალაძემ.

ვიცემერის თქმით, პირველი სატენდერო წინადადება იმიტომ ჩავარდა, რომ შეთავაზებული ავტობუსები გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.