საკადრო ცვლილებები სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში

1110

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს, აპარატის უფროსმა კი თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადებული ოთხ პოზიციაზე იყო: აპარატის უფროსი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

ოთხი პოზიციიდან ორზე, კონკურისის წესით შერჩეული პირები უკვე დანიშნეს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად ეკატერინე ორჯონიკიძე დაინიშნა. მანამდე იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსის პოზიციაზე მუშაობდა. ორჯონიკიძის დანიშვნამდე თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიცია ქეთევან მიშველაძეს ეკავა. კონკურსის შემდეგ კი მიშველაძე ამავე სამსახურში მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტად დაინიშნა.

ვაკანტური დარჩა რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობდა. რადგან ამ პოზიციაზე, როგორც გუბერნიაში აცხადებენ, კონკურსი ვერ შედგა: “რაც შეეხება აპარატის უფროსის კანდიდატურას, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის“.

სამხარეო ადმინისტრაციაში აპარატის უფროსი არჩილ ღაღანიძე იყო. იგი კონკურსის წესით აღნიშნულ პოზიციაზე 2018 წლის ივლისში დაინიშნა, თუმცა დეკემბრის შუა რიცხვებში საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.