კახა კალაძე თბილისში დაგეგმილ ახალი პროექტებს აანონსებს

860
გიორგი ისაკაძის ფოტო

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში დაგეგმილი ახალი პროექტები დაანონსა. მისი თქმით, თბილისის მერია წელს უმნიშვნელოვანეს პროექტს განახორციელებს, რომელიც ბუშის ქუჩის, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და აეროპორტის გადასახვევთან მონუმენტ “ადამიანისა და მზის“ მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაციასა და კეთილმოწყობას ითვალისწინებს.

მისივე ინფორმაციით, ბუშის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ორივე თარგში, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 10 000 კვადრატული მეტრია, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. როგორც მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, თარგებში სარწყავი სისტემა მოეწყობა და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

“ჩემი თხოვნაა, ამ პროექტის ფარგლებში, ბუშის ქუჩის აღმნიშვნელი ბანერი ჩამოვხსნათ და განახლებული, ისეთი გავაკეთოთ, რომელიც რეაბილიტირებულ პროექტის შესაბამისი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება აეროპორტის გზაზე მდებარე მონუმენტს – “ადამიანი და მზე“, კალაძის ინფორმაციით, მის თარგში დეკორატიული აუზი, განათება და სანიაღვრე სისტემა მოეწყობა, ასევე, დაირგვება მცენარეები.

“ზოგადად, ჩვენ გაცხადებული გვაქვს კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის განხორციელება. აღნიშნულ პროექტზე უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ დაიწყოს სამუშაოები. საკმაოდ მასშტაბური და ძვირად ღირებული პროექტია, თუმცა ძალიან აუცილებელი“, – განაცხადა კალაძემ.