რეგიონებში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა იწყება

1514

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვას რეგიონებში იწყებს.

შეხვედრას, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები – ირაკლი მელაშვილი და კოკა კიღურაძე, რომლებიც კოალიციის მიერ მთავრობისათვის შეთავაზებულ წინადადებებს ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ წარადგენენ.

განხილვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და წარადგინონ საკუთარი წინადადებები და ინიციატივები.

შეხვედრები რეგიონებში დღეს, 16 იანვარს, ბათუმიდან დაიწყება. განხილვა 10:30 საათზე სასტუმრო “ერა პალასში” გაიმართება. ხვალვე, 14:00 საათზე, მეორე შეხვედრა ოზურგეთშია დაგეგმილი. ოზურგეთში განხილვა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება.

შეხვედრები გაგრძელდება 17 იანვარსაც. 11:00 საათზე სტრატეგიის განხილვა ზუგდიდში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხოლო 16:00 საათზე ქუთაისში, სასტუმრო “რჩეული პალასში” გაიმართება.

შეხვედრების პირველი ციკლი 18 იანვარს ამბროლაურში დასრულდება. რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის თვითმმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან სტრატეგიას 11:30 საათზე მბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში განიხილავენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ღიაა მედიისთვის.