სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისთვის 2 460 000 ლარი გამოიყო

860

მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 2 460 000 ლარით დაფინანსდება. ამის შესახებ 2019 წლის დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტშია მითითებული. გასული წლის მსგავსად უცვლელია ბიუჯეტის ასიგნებები, რაც შეეხება ხარჯებს, ადმინისტრაციისთვის წელს 30 ათასი ლარის ნაცვლად 45 ათასი ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი უფლებამოსილია ამ კანონით ადმინისტრაციისათვის დამტკიცებული ასიგნებებიდან თავისი გადაწყვეტილების საფუძველზე გასცეს ერთჯერადი დახმარებები.

სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 2007 წელს შეიქმნა, მისი დაფინანსება კი 2012 წლიდან “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ცვლილება მხოლოდ ერთი წლის წინ განხორციელდა, რომლის მიხედვით, 2017 წლის 22 დეკემბრის განკარგულებით სახელფასო ფონდი 12 ათასი ლარით გაიზარდა.