გორის მერი ძველი ხიდის რეაბილიტაციის ინიციატივით გამოდის

1749

გორის მერს მიმდინარე წელს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სურს. ერთ – ერთი მათგანი ძველი ხიდის რეაბილიტაციას უკავშირდება. კონსტანტინე თავზარაშვილი ფიქრობს, რომ სამეფოს ქუჩის რეაბილიტაციასთან ერთად შესაძლებელია ძველი ხიდის კეთილმოწყობაც ისე, რომ მისი უნიკალურობა არ დაირღვეს. თავზარაშვილის ინიციატივის მიხედვით, ახალ ხიდამდე, მტკვრის სანაპიროც მოეწყობა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“სამეფოს ქუჩის მთლიანი რეაბილიტაცია იგეგმება და ვფიქრობთ, ძველ ხიდსაც მივხედოთ და არ იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღესაა. ჯერჯერობით რაიმე პროექტი არ არსებობს, ეს არის უბრალოდ ჩემი სურვილი. კონსტრუქციის მიხედვით უნიკალური ხიდია. იყვნენ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ეტყოდნენ ალბათ ამ იდეის შესახებ, მაგრამ მინდა, რომ ჩემი თანხებით გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ბევრი არაფერია – მოაჯირებია მისახედი. ხელი უნდა შეევლოს და ლამაზად გაკეთდეს.

სიძველის ეფექტი უნდა შენარჩუნდეს, თანამედროვე მასალები არ იქნება გამოყენებული. მანქანები მანდ არ ივლიან და ფეხით სავალი ნაწილი უნდა იყოს წესრიგში მოყვანილი. შეიძლება სკამებიც დავდგათ. ეს საკითხები ძეგლთა დაცვის სააგენტოსთანაა გასავლელი. ასევე, ვფიქრობთ ძველი ხიდის ქვეშ პატარა სანაპიროც გავაკეთოთ ახალ ხიდამდე”, – ამბობს კონსტანტინე თავზარაშვილი.