გორის 2018 წლის ბიუჯეტიდან 4 270 167 ლარი გასახარჯი დარჩა

152

“გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გასულ წელს მორჩენილი თანხა ჯერ არ გადანაწილებულა“, – ნათქვამია გამოცემა”რადიო მოზაიკისთვის”  საკრებულოდან გაგზავნილ საჯარო ინფორმაციაშია.

დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან სულ – 4 158 710 ლარი გაიხარჯა და 4 270 167 ლარი გასახარჯი დარჩა.

გორის მერიის წარმომადგენლის, მერაბ რაზმაძის განმარტებით, აღნიშნულ რიცხვში, როგორც ტენდერებიდან დაზოგილი, ისე იმ ხელშეკრულებიდან მორჩენილი თანხა შედის, რომლის ფარგლებშიც სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, თანხაც აღნიშნული მიმართულებით ჯერ არ გადარიცხულა.

“ეს არის გარდამავალი თანხები, რომელიც დატვირთულია 2018 წელს და 2019 წელს სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაირიცხება. როგორც ასეთი, რომ ეს თანხა გასანაწილებელია, ასე არ მოიაზრება. გასანაწილებელი, რაც ტენდერებიდან შემორჩა, შეიძლება შეადგენდეს 2 მლნ – მდე, მაგრამ დანარჩენი ნაწილი უკვე დატვირთულია, როგორც გითხარით და სხვაგან ვერ მივმართავთ, რადგან სამუშაოების დასრულებისთანავე ის თანხა გაიხარჯება იმ მიზნით, რისთვისაც იყო გათვალისწინებული 2018 წელს.

უფრო რომ დავაკონკრეტოთ, ამ თანხებზე გასულ წელს ხელშეკრულებები უკვე დაიდო, მაგრამ ვერ დასრულდა სამუშაოები წლის ბოლომდე და გადმოვიტანეთ 2019 წელს, სამუშაოები რომ დასრულდება ხელშეკრულების თანახმად, დაირიცხეა გათვალისწინებული თანხა”, – აცხადებს მერაბ რაზმაძე.

გასული წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს ოპოზიცია. ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, 2 მილიონი ლარი მერიამ ვერ აითვისა, რასაც არ ეთანხმებიან ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოში.