ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის რეკონსტრუქციის დასრულებაზე ტენდერი გამოცხადდა

1201

ზუგდიდის საჭადრაკო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მეორე ეტაპის შესასრულებლად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 432 477 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

საჭადრაკო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები გასული წლის 7 ივლისს დაიწყო და უკვე ნახევარი მილიონის ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებულ შენობაზე მეორე სართულის დაშენება. ამასთან, შენობაში განთავსდება დამატებითი საკლასო ოთახები, შეჯიბრების ჩასატარებელი დარბაზი, ადმინისტრაციის ოთახი და სანიტარული კვანძები. მოეწყობა წყალგაყვანილობა-კანალიზაციის, ელექტრომომარაგების და გათბობა-გაგრილების ახალი სისტემა. ასევე, ფასადზე, თანამედროვე კომპოზიტური მასალებით, ახალი არქიტექტურული ფორმების მოწყობით განახლდება შენობის გარე იერსახე. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

პროექტის სრული ღირებულება  865 300,87 ლარს შეადგენს და მისი სრული რეკონსტრუქცია წელს უნდა დასრულდეს.