ზუგდიდის მერიის სპორტის ა(ა)იპ-იდან 23 თანამშრომელი გაუშვეს

735

სტატიის გაგრძელება

ზუგდიდის მერიის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრიდან 23 თანამშრომელი დაითხოვეს. ცენტრის დირექტორის გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, სამსახურიდან წავიდნენ ისინი, ვისაც ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. ინფორმაციას ლაივპრესია ავრცელებს.

“მათ ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბრამდე ჰქონდათ და არ გაუგრძელდათ. გადავხედავ მათ მოვალეობებს და შესაძლოა, რამდენიმე მათგანი დაბრუნდეს“, – ამბობს გოჩა ჩიქოვანი.

იმ თანამშრომლებს შორის, ვისაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, არის ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით კვაშილავა, თუმცა ის მედიასთან საუბარზე უარს ამბობს.

გასული წლის 22 ნოემბერს ა(ა)იპ-ების ბიუჯეტის განხილვაზე ცენტრის მაშინდელ დირექტორს დავით კვაშილავას საკრებულოს დეპუტატებმა ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ცენტრში თანამშრომლების შემცირება.

ბიუჯეტის განხილვაზე ცნობილი გახდა, რომ სპორტის ცენტრისთვის ახალი ბიუჯეტით გამოყოფილია 1  160 0000 ლარი. აქედან 1 117 000 ხელფასებში უნდა დაიხარჯოს.

გოჩა ჩიქოვანის განცხადებით, ამ დროისთვის, ცენტრში 116 თანამშრომელია.

ზუგდიდის მერიაში სპორტის ა(ა)იპ-იდან თანამშრომლების გაშვებაზე აცხადებენ, რომ სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ხელმძღვანელი გადაწყვეტს, თუ ვის გაუგრძელოს ხელშეკრულება. მათი თქმით, ჯერ არ იციან იგეგმება თუ არა სხვა ა(ა)იპ-ებში თანამშრომელთა შემცირება.

“საკრებულოში შექმნილია მერიის ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, დაველოდებით მის რეკომენდაციებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ“, – გვითხრეს მერიაში.

რაც შეეხება დღეს, სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრიდან თანამშრომლების გაშვებას, მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ამ ფაქტს საკრებულოს კომისიასთან კავშირი არ აქვს, ვინაიდან აიპ-ების საქმიანობის შემსწავლელ ჯგუფს ჯერ მუშაობა არ დაუსრულებია.

ა(ა)იპ-ების საქმიანობის შემსწავლელი ჯგუფი საკრებულოში გასული წლის 21 დეკემბერს შეიქმნა, მას საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ხელმძღვანელობს.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მონაცემებით, ზუგდიდის მერიას მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა წელიწადში 14 მილიონ ლარამდე უჯდება.