მცხეთის ჯვრის მონასტერის წინამძღვარმა გარევაჭრობის გამო მონასტერი დაკეტა

სტატიის გაგრძელება

მცხეთის ჯვრის მონასტერის წინამძღვარმა გარევაჭრობის გამო მონასტერი დაკეტა.

როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა გოიორგი კაპანაძემ განაცხადა, ჯვრის მონასტრის დაკეტვა მონასტრის წინამძღვრის თვითნებობაა და მსგავსი ფაქტი ისტორიას არ ახსოვს.

“დღეს მონასტერი დაკეტილია, რაც ალბათ მეექვსე საუკუნის მერე არ მომხდარა. საქმის კურსში ჩავაყენე საპატრიარქო, სადაც ამ ფაქტის შესახებ არ იცოდნენ და მიპასუხეს, რომ საკითხში გაერკვევიან. მამა კონსტანტინეს მხრიდან მსგავსი გაფრთხილება იყო, რომ თუ მერია გარემოვაჭრეებს არ გაიყვანდა ტერიტორიიდან, მონასტერს დაკეტავდა. ეს კი მათი მხრიდან უსამართლო მოთხოვნაა,“ – აცხადებს გიორგიკაპანაძე.

მისივე თქმით, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვა მონასტრის წინამძღვარის მამა კონსტანტინეს მოთხოვნაა.

როგორც გიორგი კაპანაძემ განაცხადა, აღნიშნულ თემაზე მერიასა და სასულიერო პირებს შორის შეხვედრაც გაიმართა, თუმცა მღვდელმსახურებს მოთხოვნის მიზეზი არ განუმარტავთ.

“სასულიერო პირები ზაფხულიდან ითხოვენ, რომ მონასტრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეები გავიყვანოთ, თუმცა ეს შეუძლებელია და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. იქ დგანან ადამიანები, რომლებსაც სხვა შემოსავალი არ აქვთ და ისინი დგანან იმ ტერიტორიაზე, რომელიც არც მონასტერს ეკუთვნის და არც მუნიციპალიტეტს – ის არის სახელმწიფოს საკუთრება. მათი ვაჭრობით ხელს არავის უშლიან. როგორც იცით, მცხეთაში მშენებლობებზე არის მორატორიუმი, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ნებართვა მივცეთ ამ ადამიანებს, რომ მათ საკუთარ ეზოებში რამე ააშენონ ან ღობეები გახსნან და ისე ივაჭრონ, შესაბამისად, ვერ ხდება ალტერნატივის შეთავაზება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ადამიანებს შემოსავლის ერთადერთ წყაროს ვერ გადავუკეტავთ“ – აცხადებს გიორგი კაპანაძე.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ვერ აკონკრეტებს, როდის გაიხსნება მცხეთის ჯვრის მონასტერი.

“არ ვიცით, როდის გაიხსნება ჯვრის მონასტერი. გადაწყვეტილება მიიღო მონასტრის წინამძღვარმა, მიზეზი არის მოუწესრიგებელი გარევაჭრობა, რომელიც იქ არასახარბიელო გარემოს ქმნის ტურისტებისთვის და დელეგაციებისთვისგარევაჭრობამ მონასტრისთვის შეუფერებელი, ძალიან უსახური ფორმა მიიღო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მამა კონსტანტინეს არაერთგზის დაუყენებია ეს საკითხი, მაგრამ არ მოხერხდა ამის გადაწყვეტა და შემდგომ მიიღო ასეთი ზომები. მიჭირს პასუხი, რამდენად იყო მისი ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული საპატრიარქოსთან, ვინაიდან მე არ ვარ ქალაქში, თავად ჩემთვის ეს ფაქტი სიახლე იყო“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, რამდენად გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა მონასტრის დაკეტვა, ჯაღმაიძე პასუხობს, რომ მამა კონსტანტინეს აზრს აუცილებლად გაითვალისწინებს საპატრიარქო.

მსგავსი სიახლეები