რას შეიძლება ეყოს სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოყოფილი თანხა ადიგენის მუნიციპალიტეტში

646

სტატია მომზადებულია “სამხრეთის კარიბჭის” მიერ

ავტორი: მარიამ ბარძიმაძე

ადიგენში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თითო დასახლებული პუნქტისთვის გამოყოფილი თანხა 5 000–დან 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლებში არა ერთი პრობლემაა მოსაგვარებელი, თუმცა, თანხა თითქმის ვერაფერს გაწვდება.

ადიგენის მუნიციპალიტეტში 56 დასახლებულ პუნქტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ 324 000 ლარი დაიხარჯება. ყველაზე მეტი, 10 000 – 10 000 ლარი მხოლოდ ორი სოფლისთვის, მათ შორის არლისთვისაა გამოყოფილი. რა გაკეთდება ამ თანხით სოფელში, ადგილბორივებმა საერთო კრებაზე უნდა გადაწყვიტონ.

არალში მცხოვრებლები ამბობენ, რომ რიგით პირველი პრობლემა შიდა გზები, საკანალიზაციო ქსელი და სასმელი წყალია.

“სოფელი იწამლება, საკანალიზაციო ქსელი არაა, ამიტომ საპირფარეშოებიდან გამოსული წყლები ღია არხებით მოდის, მთელ დასახლებას გადის და ჩაედინება მდინარეში. ამის გამო ბევრი დაავადება შეიძლება გაჩნდეს. ასევე, ძალიან ავარიულია შდია გზები, ეს იმდენად დიდი პრობლემაა, რომ ხშირად გადაადგილებაც გვიჭირს“, – ამბობს არალში მცხოვრები თამარ მათოშვილი.

ამავე სოფლის მკვიდრი გიორგი ფეიქრიშვილი კი აქცენტს სასმელი წყლის პრობლემაზე აკეთებს: “განსაკუთრებით არლის შემოსასვლელში მცხოვრები 12 ოჯახია ცუდ დღეში. 1961 წლიდან მანდ ცხოვრობენ და წყალი დღემდე არ აქვთ, სულ ხელით ეზიდებიან. ასევე, ძალიან ცუდ მდგომარეობაშია სასაფლაომდე მისასვლელი გზა. არ ვიცი 10 000 ლარი რას შეიძლება ეყოს, მაგრამ თუ ვერ მოაასფალტებენ იქნებ მოხრეშონ მაინც ეს გზა“.

შიდა გზებია რიგით პირველი პრობლემა მოხეში მცხოვრებლებისთვისაც.

“სოფელში გზებია მიუვალი. კარგი იქნება თუ რაღაც ნაწილს მაინც გააკეთებენ. ასევე, ახალგაზრდებისთვის სპორტული მოედანი გვჭირდება“, – ამბობს მოხეში მცხოვრები თემურ მიქელაძე.

მოხესთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა 6 000 ლარია. თუმცა, სოფელში ამბობენ, რომ ამ თანხით ეზოც კი ვერ მოასფალტდება. იგივეს აცხადებენ გზების მშენებელ კომპანიებშიც.

“მაქსიმუმ 100 კვმ. ასფალტის დაგება შეიძლება 6 000 ლარით. გააჩნია სისქესაც და ადგილმდებარეობასაც, ეს, დაახლოებით, ერთი პატარა ეზოს ფართობია. თუმცა, შესაძლებელია, რომ 2 000 კვმ. ფართობი მოიხრეშოს და რაღაც სახე მიეცეს გზას“, – ამბობს შპს „არალის“ დირექტორი დემეტრე თათეშვილი.

ადიგენის ოთხ სოფელში 8 000–8 000, ორ სოფელში – 10 000– 10 000, 28 სოფელში 5 000–5 00, 22 სოფელში კი 6 000–6 000 ლარია განსაზღვრული.

განახლებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში რომ თანხა საკმაოდ მცირეა, ამაზე თვითმმართველობის საკითხებში ექსპერტებიც საუბრობენ.

“წინა წლებში პროგრამის დაფინანსება 50 მილიონი იყო, ახლა კი 20 მილიონამდეა. საშიში ისაა, რომ თანხის სიმცირის გამო შესაძლოა პროგრამის დისკრედიტაცია მოხდეს. ამიტომ ჩვენი რეკომენდაციაა ხელისუფლებისადმი, რომ მომავალი წლიდან გაიზარდონ დაფინანსება“, – ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი.

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ფიქრობენ, რომ თუნდაც 5 000 ლარით სოფელში არაერთი პრობლემის მოგვარება შეიძლება, გარდა ამისა, თანადაფინანსებით თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გარკვეულ პროექტებს თანხა დაემატება.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფლისთვის პრობლემების მოგვარების კარგი შანსია. ამ თანხებით ყველა სოფელში კარგი საქმე გაკეთდება, თან რაც მთავარია თავად ხალხი გადაწყვეტს კონკრეტულად რისი გაკეთება ურჩევნიათ. ჩვენც შეგვიძლია შევიდეთ თანადაფინანსებაში 100%–ითაც კი“, – გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ.

თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და ექსპერტების აზრით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გადაწყვეტილება პროექტის შერჩევისას თავად თემმა უნდა მიიღოს.

“ეს არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი იმ კუთხით, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობა ერთვება და პრობლემა მათი მონაწილეობით გვარდება. რაც შეეხება თანხის სიმცირეს, ამ ფულით თითო სოფლისთვის რაღაცა პატარა საქმის მოგვარება მაინც შეიძლება. მახსოვს სხვილისში საკამოდ დიდხანს აკეთებდნენ წყლის სათავე ნაგებობას, თუმცა საბოლოოდ ეს პრობლემა მოაგვარეს“, – ამბობს „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გია ანდღულაძე.

გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მოსახლეობის ჩართულობა რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ირაკლი მელაშვილიც საუბრობს: “ოღონდ ეს გადაწყვეტილებები ნამდვილად ხალხის მიღებული უნდა იყოს და არა ჩინოვნიკების“.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას მოსახლეობა ადიგენში 17 იანვარს დაიწყებს და პირველ მარტს დაასრულებს.

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა დასახლებულ პუნქტებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაა გადანაწილებული: 200 კაცამდე – 5 000 ლარი, 400 კაცამდე – 6 000 ლარი, 1 000 კაცამდე – 8 000 ლარი, 1 000 კაცზე მეტი – 10 000 ლარი.

შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება საქართველოს მთავრობამ 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი განმარტების გარეშე გააუქმა. პროგრამის გაუქმებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატები ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა, ის ვერც 2017 და ვერც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ვეღარ მოხვდა. თავდაპირველად ხელისუფლება არ ასახელებდა მიზეზს, თუ ამგვარი გადაწყვეტილება რის გამო მიიღო, თუმცა, მოგვიანებით ითქვა, რომ პროგრამა არაეფექტური იყო და ბიუჯეტს 50 მილიონი ლარი დაუზოგეს.