ხარაგაულის მერის საქმიანობა საკრებულომ უარყოფითად შეაფასა (ვიდეო)

666

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 8 იანვარს, ხარაგაულის მერის ნიკოლოზ თოფურიძის მიერ 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინა. ინფორმაციას გამოცემა “ჩემი ხარაგაული” ავრცელებს.

სხდომაზე მყოფმა დეპუტატებმა მერის საქმიანობა შემდეგი არგუმენტებით უარყოფითად შეაფასეს, კერძოდ, 2018 წელს განსახორციელებელი 31 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 21 ვერ შესრულდა; მერია პრიორიტეტების შერჩევისას პერსონალური მიდგომებით ხელმძღვანელობდა და ამ პროცესში დეპუტატები არ იყვნენ ჩართულები; ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის შედეგად დაანონსებული 200 ათასი ლარი ვერ გამოთავისუფლდა; გაჭირვებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება ვერ გაიცა; მერიამ არ გაითვალისწინა იმ შენიშვნებისა და რეკომენდაციების უმრავლესობა, რომელებიც საკრებულომ შეიმუშავა თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით; მერიამ სათანადოდ ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ქონებების მოვლა-პატრონობა და ვერ დაასრულა  ინვენტარიზაციის პროცესი; მერიამ ვერ შეიმუშავა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გეგმა; არ განხორციელებულა ღონისძიებები ხარაგაულში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის მიზნით; ვერ აშენდა მერიის მიერ პრიორიტეტად მიჩნეული და საკრებულოსგან მოწონებული საბავშვო ბაღების შენობები ვერტყვიჭალასა და საღანძილეში; არც ერთი პროექტი არ დაგეგმილა და არ განხორციელებულა მუნიციპალური განვითარების ფონდიდან; თითქმის აუთვისებელია 2017 წლის ბოლოს სტიქიის სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები.

ამასთან, ღორეშის, საღანძილის, ბორითის, ვარძიისა და ხევის მაჟორიტარმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ ამ სოფლებში 2018 წელს არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა.

ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, პროექტების შეუსრულებლობა ობიექტური მიზეზებით არის გამოწვეული. კერძოდ, იმით, რომ ტენდერები არ შედგა, ხოლო ზოგიერთი მშენებელი არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა. მაგალითად, “საპოვნელა+“ მეოთხე თვეა ყოველთვიურად ათი ათას ლარს ჯარიმას იხდის სამუშაოების დაგვიანების გამო. თუმცა ამ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა, მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტს უფრო ცუდ შედეგს მოუტანს და გზების მშენებლობა უფრო მეტად გაჭიანურდება.

ნიკოლოზ თოფურიძე დაეთანხმა დეპუტატებს და წუხილი გამოთქვა შეუსრულებელი პროექტების გამო. მისი თქმით, საკრებულოს წევრები მეტად უნდა ეთანამშრომლებოდნენ მერიას.

იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის შავლეგო ტაბატაძ თქმით, პროექტების შეუსრულებლობის მიზეზი მათ არასწორად დაგეგმარებაშია, რადგან დღეს ხელისუფლება მოსახლეობას არ ეკითხება, რა პრობლემების მოგვარება სურს. გუბერნატორმა განაცხადა, რომ რომ შეუსრულებელ დაპირებებზე ყველა თანაბრადაა პასუხისმგებელი და ერთი პირის დადანაშაულება არასწორია.

საკრებულოს სხდომას 35-დან 28 დეპუტატი ესწრებოდა.

მერის საქმიანობის შეფასებისგან თავი შეიკავეს ოპოზიციური ფრაქციების “თვითმმართველობა ხალხისთვის“ და “ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა. ნიკოლოზ თოფურიძის საქმიანობა დადებითად მხოლოდ ერთმა დეპუტატმა ნიკოლოზ მაღრაძემ შეაფასა.