გორის მერიის 288 თანამშრომლიდან საახალწლო დანამატს 253 მიიღებს

174

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ის თანამშრომლები, რომლებიც წლის განმავლობაში ნაყოფიერი შრომით გამოირჩეოდნენ, წახალისების მიზნით ხელფასის 70%-ს მიიღებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“მერიის თანამშრომლები საახალწლოდ წახალისების მიზნით ხელფასის ოდენობის 70%-ს მიიღებენ, ეს არ იქნება პრემია, ეს არის წახალისება. თუმცა ეს ხელშეკრულებით აყვანილ თანამშრომლებზე არ ვრცელდება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ისეთი თანამშრომელი, რომელსაც მე ჩავთვლი, რომ ამ წახალისებას იმსახურებს, რადგან ზედმეტი იმუშავა“, -განაცხადა თავზარაშვილმა

თანამშრომლებს საახალწლოდ გორის საკრებულოშიც წაახალისებენ. საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის თქმით, ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

“გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, ხვალ გვეცოდინება ზუსტი პასუხი, თუ რამდენ თანამშრომელს წავახალისებთ. არ გვინდა ნაჩქარევად რაიმეს გადაწყვეტა“, -ამბობს დავით რაზმაძე.