ზუგდიდის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსს პატიმრობა შეეფარდა

660

წინა სტატია

ზუგდიდის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ თენგიზ ქობალიასა და მოქალაქე ხუტა ბაღათურიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მერიის თანამშრომლის ინტერესების დამცველ იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მათ 60 ათასი ლარის ოდენობის გირაო შესთავაზეს, უძრავი ქონების გარანტიით, თუმცა სასამართლომ პატიმრობის გამოყენების შესახებ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

“მაღალი საჯარო ინტერსიაო – ამის დასაბუთებას შეეცადა მოსამართლე. თითქოს არ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება, რომ ხელს შეუშლის გამოძიებას მტკიცებულებულების მოპოვებაში. მშვიდად რომ ჩატარდეს პროცესები, ამისთვის პატიმრობაში უნდა იყვნენო“, – უთხრა ადვოკატმა „ლაივპრესს“.

სოსო ჯანაშიას განმარტებით, ბრალდებულმა დუმილის უფლება გამოიყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ფიქრობს, რომ საგამოძიებო ორგანოს და სასამართლოს ქმედებები შეთანხმებული იყო, რადგან “პომპეზური დაკავებით“ სასამართლოს სხვა გზა არ დაუტოვეს, გარდა პატიმრობის ზომის გამოყენებისა.

გაასაჩივრებენ თუ არა გადაწყვეტილებას, ამაზე განჩინების მიღების შემდეგ იფიქრებს. დიდი იმედი, რომ სააპელაციო სასამართლო მის პოზიციას გაიზიარებს, არ აქვს.

თავის მხრივ, თენგიზ ქობალიასთან ერთად დაკავებული მოქალაქის ადვოკატის, ლექსო ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხუტა ბაღათურია ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

“მას ედავებიან ცრუ ჩვენების მიცემას. ჩვენ სასამართლოს წინაშე დავაყენეთ შუამდგომლობა 5000 ათასი ლარის გადახდის, თუმცა სასმართლომ არ გაიზიარა ჩვენი შუამდგომლობა და ხუტა ბაღათურია პატიმრობაში დატოვა“, – განაცხადა ადვოკატმა.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 24 დეკემბერს მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბაღათურია დააკავა. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა და ცრუ ჩვენების მიცემა ედებათ.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სექტემბრის თვეში ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.