თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ბიბლიოთეკა მოეწყო (ვიდეო)

754

თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში ბიბლიოთეკა მოეწყო. როგორც “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, სულ მალე ბიბლიოთეკა მაგისტრალური მიმოსვლის ყველა მატარებელში მოეწყობა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

მატივე ინფორმაციით, უჩვეულო ბიბლიოთეკის პრეზენტაცია მწერლებმა გელა ჩარკვიანმა და გურამ მეგრელიშვილმა გამართეს. Stadler Kiss ორსართულიან მატარებელში პირველ ეტაპზე გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ წიგნები განთავსდა.

“აღნიშნული პროექტით მგზავრებს საშუალება ექნებათ მათთვის საინტერესო წიგნები წაიკითხონ, რაც ერთი მხრივ, წიგნის და კითხვის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი, მგზავრობის პროცესს უფრო სასიამოვნოს გახდის.

ბიბლიოთეკებისთვის წიგნების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა; ქუთაისი, ბათუმი, ოზურგეთი – ეს ის რკინიგზის სადგურებია, სადაც მოხალისეებმა, ავტორებმა და გამომცემლობებმა წიგნები მოიტანეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისთვის. მიხარია, რომ წინასაახალწლოდ სასიამოვნო საჩუქარი გავუკეთეთ მგზავრებს და იმედი მაქვს, ჩვენი მოძრავი ბიბლიოთეკის საშუალებით მგზავრები თავიანთ წიგნებსაც გაუზიარებენ ერთმანეთს. ნებისმიერ მგზავრს შეუძლია საკუთარი წიგნი დატოვოს სხვა მგზავრისთვის“, – აცხადებს სს “საქართველოს რკინიგზის“ ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორი დაჩი ცაგურია.

აღსანიშნავია, რომ მოძრავი ბიბლიოთეკა სხვადასხვა გემოვნებისა და ასაკის მკითხველზეა გათვლილი.