კალაძე: საახალწლოდ გამოყოფილი 1 778 800 ლარიდან, ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარებზე დაიხარჯება

649

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საახალწლოდ გამოყოფილი 1 778 800 ლარიდან, ძირითადი ნაწილი მომღერლების ჰონორარებზე დაიხარჯება. როგორც კალაძემ განმარტა, ჩატარდა გამარტივებული შესყიდვა, რადგან მომღერლების მომსახურებას მერია ტენდერით ვერ შეისყიდდა.

“საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გამარტივებული შესყიდვა იყო მოთხოვნილი და გუშინ, სხვათა შორის, ამაზე შეკითხვაც დაისვა საკრებულოს სხდომაზე. უბრალოდ, ვინც შეკითხვა დასვა, აღარ დაესწრო სხდომას და ვერ შევძელი პასუხი გამეცა, თუმცა ახლა ავხსნი, რომ 1 778 800 ლარი არის მოთხოვნილი გამარტივებული შესყიდვებისთვის და ეს თანხა ძირითადად ორიენტირებულია კრეატიულ გადაწყვეტილებებზე, ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და ამ თანხის ძირითადი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები.

თუ ვინმე მეტყვის ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, არ ვიცი ხმით შევარჩიო, ხმის ტემბრით შევარჩიო თუ არის ამის საშუალება და ვინმე მომაწვდის ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით. თუმცა, ესეც ყოველგვარი კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს და ზოგადად მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული თანხით 1 200-მდე მუსიკოს-შემსრულებელი, 270 მომსახურე პერსონალი სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია და 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალაკონცერტის მომზადება ფინანსდება”,- განაცხადა კალაძემ.

კალაძის ინფორმაციით, 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით პირველი რესპუბლიკის მოედანზე ყოველდღიურად კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და გასართობი შოუები გაიმართება.

გალაკონცერტი 31 დეკემბერს, 23:00 საათიდან დაიწყება და როგორც მერმა აღნიშნა ყველა ღონისძიება იქნება საახალწლო სოფელში, რესპუბლიკის მოედანზე. ამასთან, შეგახსენებთ, რომ მერიის ინფორმაციით, რესპუბლიკის მოედანზე მთავარი ნაძვის ხის დადგმა ტრადიციად იქცევა და აღსანიშნავია, ისიც რომ რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება 2019 წლის 8 იანვარამდე აიკრძალა.

ამასთან, ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება.

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება. ასევე, ცნობილია ადგილები თბილისში, სადაც წინასაახალწლოდ გარევაჭრობა ნებადართული იქნება.

თბილისის მერი კახა კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.