თბილისში “ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით, ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება

39

წინა სტატია

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, რომ დედაქალაქში „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით, ორი საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება.

“რა თქმა უნდა, დავიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას. თუმცა პირველ ეტაპზე არსებობს გარკვეული სირთულეები: თქვენ იცით, რომ თუ არ არის ავარიულ “ხრუშჩოვკებში“ მცხოვრები მოსახლეობის 100 პროცენტის თანხმობა, შეუძლებელია ამ ადამიანების გამოყვანა და ახალი პროექტის განხორციელება. ამის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს გარკვეული მიდგომები, მზად ვართ, ხელი შევუწყოთ სამშენებლო სექტორს, რომ “ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტი მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყოს. თამაშის წესები უნდა ჩამოვაყალიბოთ, როგორ უნდა მოხდეს ავარიული “ხრუშჩოვკის“ ჩანაცვლება, როდესაც სამშენებლო კომპანიებს აქვთ ინტერესი. ამ წესებს ძალიან მალე დავდებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით კი, ბიზნესთან კომუნიკაციით შეიქმნა ოპტიმალური მოდელი, რომლითაც განხორციელდება ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა. მისივე თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, უახლოეს პერიოდში პროექტის განხორციელების მიზნით, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.

“ჩვენ მხედველობაში გვაქვს ვარკეთილის მესამე მასივში არსებული ოთხსართულიანი, ავარიული “ხრუშჩოვკები“, მათ შორის ერთი დანგრეულია. 11 წელია ამ ადამიანებს მუნიციპალიტეტი უხდის ქირას. ჩვენ ამ პროექტზე ვიმუშავეთ და რა თქმა უნდა, ამ ერთ პროექტს ეშველება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ურბანული განვითარების სამსახური მუშაობს ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმაზე ამ რაიონში, შესაბამისი განაშენიანების ინტენსივობის პარამეტრების მინიჭებით, ისე, რომ სამომავლოდ ბიზნესი და იქ მცხოვრებლები, მუნიციპალიტეტის ჩარევის გარეშე შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, ოპტიმალური შეთანხმების მიღწევას და დაიწყება ჩანაცვლების პროგრამა. ერთ საპილოტე პროექტს განახორციელებს მუნიციპალიტეტი ვარკეთილში და პარალელურად დამუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა ვარკეთილის მესამე მასივში განთავსებული ავარიული “ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.