ზუგდიდის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

527

წინა სტატია

ზუგდიდის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მერიაში განმარტავენ, რომ დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან. ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო მუშაობს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბ. დააკავეს. მათ ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა და ცრუ ჩვენების მიცემა ედებათ.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, სექტემბრის თვეში ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი, ლაშა გოგია და გია გულორდავა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცემერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი.