ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს

877

ბორჯომის მერიიდან ინფორმაციით, 150-150 ლარი ბორჯომში მცხოვრებ ყველა იმ ოჯახს ჩაერიცხა, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და უფიქსირდებათ 70 000 ან მასზე ნაკლები ქულა.

“ზამთრის სეზონზე მოსახლეობის ხარჯები იზრდება. გასულ წლებთან შედარებით, წელს თანხა 50 ლარით გავზარდეთ და თითოეული ბენეფიციარი უკვე 150 ლარს მიიღებს. აღნიშნული თანხა შეიძლება მცირედია, თუმცა ვფიქრობთ, ადგილობრივებს დაეხმარება საშეშე მერქნის შეძენის დროს, ასევე მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადის დაფარვისას”, – აღნიშნა მერმა ლევან ლიპარტიამ.

როგორც მერიაში აცხადებენ, ინიციატივის განხორციელებისათვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 103 350 ლარი გაიხარჯა, ხოლო თანხა თითოეულ ბენეფიციარს პირად ანგარიშზე ჩაერიცხა.

“აღსანიშნავია, რომ ინიციატივა პირველი არ არის და ის მუნიციპალიტეტის მიერ ყოველწლიურად ხორციელდება. უახლოეს დღეებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საახალწლოდ მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში კიდევ 437 ოჯახს 100 ლარს გადასცემს“, – ამბობენ მერიაში.