ქუთაისის მერიას სასამართლო დავა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო

681

ქუთაისის მერიას სასამართლო დავა კიდევ ერთმა ყოფილმა თანაშრომელმა მოუგო. სასამართლო დავა, რომელიც მერიასა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია მურუსიძეს შორის რამდენემე თვე გაგრძელდა, დასრულდა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

მოსამართლემ თვითმმართველობის გადაწყვეტილება მურუსიძის გათავისუფლების შესახებ უკანონოდ ცნო და მერიას მისი სამსახურში დაბრუნება დაავალა. ამასთან,  მერიას მურუსიძისათვის სრულად მოუწევს განაცდურის გადახდა.

მაია მურუსიძის განცხადებით, უცნობია მერია გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას, თუმცა, მისი თქმით, ამ დროისთვის კულტურის განყოფილების უფროსის პოსტი ვაკანტურია და შესაძლებელია მისი დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ მაია მურუსიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ახალი მერის პირობებში რეორგანიზაცია გამოცხადდა და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდა. სასამართლოს ასევე რამდენიმე გათავისუფლებულმა თანამშრომელმა მიმართა.

მერიაში განმარტავენ, რომ მათ ჯერ გადაწყვეტილება არ ჩაბარებიათ.  გასაჩივრდება თუ არა გადაწყვეტილება  მხოლოდ განაჩენის ჩაბარების  შემდეგ გახდება ცნობილი.