“ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა არ გვაქვს “- შპს “სანოს” და მერიის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები

1132

წინა სტატია

ქუთაისის მერია და კომპანია, რომელმაც სოციალური საცხოვრისს რეაბილიტაცია ჩაუტარაა, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებენ. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსის დავით ნიშნიანიძის განცხადებით,  ქუთაისის მერია  შპს “სანოსთან” სასამართლო დავაშია. მერიის წარმომადგენლის თქმით, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო მერია კომპანიისგან მილიონი ლარის უკან დაბრუნებას ითხოვს. მისივე თქმით, ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება არ დადგება,  მერია ვალდებულია,  ბიუჯეტში ასახული ჰქონდეს კომპანიისათვის განკუთვნილი 528 000 ლარი, რომელიც მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან 2019 წლის ბიუჯეტში გადავიდა. ნიშნიანიძის განცხადებით, კომპანიასთან რაიმე მოლაპარაკება გამორიცხულია, ვიდრე საცხოვრისში მდგომარეობა არ გამოსწორდა.

მერიის იურიდიული განყოფილების უფროსის ირაკლი გიორგაძის განცხადებით, საქმე წარმოებაში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. მისი თქმით, შესაგებელი სარჩელი აქვს შემოტანილი კომპანიასაც, რომელიც, თავის მხრივ, დარჩენილი თანხის, 528 000 ლარის გადარიცხვას ითხოვს.

მერიასთან სასამართლო დავის არსებობას უარყოფენ შპს “სანოში”. კომპანიის დირექტორის ლევან ჭანტურიძის განცხადებით, მათ მერიასთან სასამართლო დავა არ აქვთ და მიმდინარეობს მოლაპარაკება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.

“ქუთაისის მერიასთან სასამართლო დავა არ გვაქვს. გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც არ არის დასრულებული. მიმდინარეობს  ხარვეზების გამოსწორების პროცესი, რომელიც ასევე არ არის დასრულებული.  მე ამ საკითხებთან დაკავშირებით გუშინაც ვიყავი ჩამოსული ქუთაისში. შემდეგ კვირაშიც ვაპირებ ჩამოვიდე, რაღაცეებზე ვთანხმდებით და შემდეგ მოგახსენებთ”, -განაცხადა ლევან ჭანტურიძემ.

ჭანტურიძის თქმით, განცხადება მილიონ ლართან დაკავშირებული  დავის შესახებ სიმართლეს არ შეეფერება.

შეგახსენებთ, ქუთაისის სოციალური საცხოვრისის ბინადრები ქუთაისის მერიას დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ. რამდენიმე თვის წინ მათ მერიაში განუცხადეს, რომ კომპანიის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში შეიტანეს და თანხის უკან დაბრუნების შემდეგ მათ ალტერნატიულ ფართში გადაიყვანდნენ.