კობახიძე: ქალაქების გაერთიანება მათ კი არ ასუსტებს, არამედ აძლიერებს

625

თვითმმართველობის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განმარტებები ქალაქების გაერთიანების შესახებ გააკეთა.

მისი განცხადებით, ქალაქების გაერთიანება კი არ ასუსტებს მათ, არამედ აძლიერებს.

“ფოთი არის პორტი და ურბანული განვითარების თავისი სპეციფიკა აქვს. იგივე ბათუმსაც ეხება. თბილისი არის კიდევ განსხვავებული სპეციფიკის, ქუთაისი და რუსთავი, ტრადიციულად, ინდუსტრიული ქალაქები იყო და ცალკე ერთეულებად ამიტომ იყო გამოყოფილი. ქალაქებში, სადაც განვითარების მზარდი პროცესია, ეს პირველ რიგში თბილისი და ბათუმია, ამ წლების განმავლობაში ექსპანსიის ინტერესი გაჩნდა და განხორციელდა კიდეც. თბილისმა მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ათობით სოფელი შეიერთა. ანალოგიურად ბათუმმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა და ათეულობით სოფელი შეიერთა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქს სოფლის მიერთება კი არ ასუსტებს, პირიქით აძლიერებს. შესაბამისად​, არგუმენტი იმის შესახებ, რომ ქალაქები გაერთიანების შემთხვევაში დასუსტდება, სოციალურ-ეკონომიკურ დასაბუთებას აბსოლუტურად მოკლებულია. დეცენტრალიზაცია კლასიკური გაგებით ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილებისა და მეტი რესურსის გაცემას. საუბარია დამატებითი კომპეტენციების მინიჭებაზე და რესურსების გადაცემაზე. ჩვენი ამოცანაა, ევროპულ სტანდარტებს პირველ რიგში ფისკალური დეცენტრალიზაციის კუთხით დავუახლოვდეთ. უხეშად რომ ვთქვათ, ეს საშუალოვადიან პერსპექტივაში რეგიონის მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების რამდენჯერმე გაზრდას გამოიწვევს. ეს მთავარი მიზანია”, – განმარტა კობახიძემ.

კობახიძე დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ქონის აუცილებლობაზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ ქართული ოცნების ამოცანაა თვითმმართველობის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოვება.

“შვიდი ერთეულის გაერთიანებასთან დაკავშირებით კონკრეტული არგუმენტი წარვადგინეთ, მთავარი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ თვითმმართველობის სისტემა კონკრეტულ ლოგიკაზე აგებული უნდა იყოს. ეს ლოგიკაა – თუ ერთია გურჯაანსა და წალენჯიხაში, იგივე ზუგდიდსა და თელავშიც უნდა იყოს. შესაბამისად, ჩვენ ვუბრუნდებით იმ ლოგიკას, რომელზეც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა იმთავითვე იყო დაფუძნებული” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„თვითმმართველობის შესახებ კანონში“ ცვლილებების პაკეტი პარლამენტში ოფიციალურად შევიდა. კანონპროექტი, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის შვიდამდე შემცირებას გულისხმობს, ბიურის სხდომაზე დღეს დარეგისტრირდა.  კანონპროექტის მიხედვით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს.

წყარო: იმედინიუსი