თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საქმიანობის ანგარიში წარადგინა (ვიდეო)

719

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ საქმიანობის ანგარიში წარადგინა. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა საზოგადოებას 2018 წელს კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გალაქტიონ ბუაძესთან ერთად, წარუდგინა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, 2018 წელს თბილისში სულ 11 940 აბრა დამონტაჟდა, ხოლო 129 გეოგრაფიულ ობიექტს სახელი მიენიჭა. მათ შორის გახლავთ, ნოდარ ახალკაცის, მარიკა ლორთქიფანიძის, ტატიანა თვალჭრელიძისა და ჯოვანი სკუდიერის ქუჩები. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად, ვარდების რევოლუციის მოედანს პირველი რესპუბლიკის მოედნის სახელი მიენიჭა.

თინათინ ნიბლოშვილის თქმით, კომისიის ინიციატივით, თბილისში რამდენიმე სკვერი გაიხსნა. მათ შორის თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელობის, ბუენოს აირესის, არჩილ სირბილაშვილისა და ვალერი უტიაშვილის სახელობის სკვერები.

თინათინ ნიბლოშვილმა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კომისიამ, აღნიშნულ პერიოდში, 21 სხდომა გამართა. მასზე 191 საკითხი განიხილეს და 130 განკარგულება გამოსცეს. ნიბლოშვილის თქმით, კომისიამ 800-ზე მეტ მოქალაქეს კონსულტაცია გაუწია.

ამასთან, წლის განმავლობაში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ, პრობლემის ადგილზე გაცნობის მიზნით, მოსახლეობასთან გასვლითი შეხვედრებიც გამართა.