ხარვეზები მუნიციპალიტეტების დაფინანსების ახალ სისტემაში – შეხვედრა ოზურგეთში

830

სტატია მომზადებულია “გურიის მოამბის” მიერ

დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში “კოალიციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიის ინიციატივით“ შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე საუბარი იყო დეენტრალიზაციის სტრატეგიის საკითხებზე რომელსაც მთავრობა შეიმუშავებს. სამუშაო ჯგუფებში ჩართულია კოალიცია, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით არის შექმნილი. ამ სამუშაო ჯგუფებში არის ბევრი სხვადასხვა წინადადება განხილული, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა რომელსაც მუნიციპალიტეტების დაფინანსების წესი ეცვლებათ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც კოალიცია, ასევე სამუშაო ჯგუფში შემავალი ექსპერტები:

“ჩვენ შევთავაზეთ სრულიად სხვა მოდელი, რომელიც რეალრად დამოუკიდებელ ფისკალურ პოლიტიკას გულისხმობს. ეს არის ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადების დატოვება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში პლიუს გათანაბრებული ტრანსფერი, სულ სხვა განაწილების პრინციპით. მუნიციპალიტეტები ხვდებიან რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემოსავლების გაზრდა, მათთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ქონება, რომელიც დაურეგისტრირებელია, გახდეს მათი საკუთრება და მოახდინონ ამ ქონების ათვისება და შექმნან ინფრასტრუქტურა, ან ნებისმიერი რამ რაც შემოსავალს და მოგებას მოუტანს ბიუჯეტს და ასევე, დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა. კარგი იქნებოდა მთავრობას გაემართა კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთან და მოესმინათ რა სირთულეებს მოუტანს ის სისტემა, რაც მათ წარადგინეს 2019 წელს და რა შედეგს მოიტანს ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ოზურგეთს დიდი პოტენციალი აქვს ამ კუთხით, 2019 მცირედით იცვლება ვითარება ამ კუთხით უკეთესობისკენ, იმიტომ, რომ ჯამურად 50 მილიონით მეტი იქნება ბიუჯეტში. თუ ჩვენს შეთავაზებულ სისტემაზე დათანხმდება ხელისუფლება და გადავა ამ მოდელზე, ნაცვლად 13 მილიონისა მას დარჩება 25 მილიონი მხოლოდ საშემოსავლო გადასახადიდან”,- განაცხადეს კოალიციის წევრებმა.

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, 2019 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები გათანაბრებით ტრანსფერს აღარ მიიღებენ, საშემოსავლო გადასახადის ის მცირე ნაწილიც კი, რაც 2017 წლიდან ადგილობრივ ბიუჯეტში რჩებოდა, 2019 წლიდან სრულად სახელმწიფო ბიუჯეტში გადაინაცვლებს, მუნიციპალიტეტებზე კი დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლების 19% გადანაწილება. აღნიშნული მოდელი 2019 წელს ერთჯერადად ზრდის ჯამურ დაფინანსებას, მაგრამ არ ზრდის ფისკალურ დამოუკიდებლობას.

სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების მიერ შეთავაზებული წინადადებები არის რეალურად დეცენტრალიზაცია, რომლისკენაც მთავრობა დეკლარირებულად მიისწრაფვის. ამიტომაც ხელისუფლების მიერ ამ საკითხების გათვალისწინება, დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში ასახვა, შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მომდევნო წლებში აღნიშნული მოდელის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებს შესაძლებლობას მისცემს, რამდენიმე წელში საგრძნობლად შეცვალონ ადგილებზე ვითარება, გახდნენ ეკონომიკურად აქტიურები შეძლონ ადგილობრივი ბიუჯეტების გაზრდა და უკეთესი მომსახურების გაწევა საკუთარი მოსახლეობისთვის.

შეხვედრას ესწრებოდა ოზურგეთის მერი კოტე შარაშენიძე და მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლები.