ინფრასტრუქტურის სამინისტროს 11 თვეში წლიური ბიუჯეტის 45 პროცენტი აუთვისებელი ჰქონდა

136

იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წლიური ბიუჯეტის 45 პროცენტი აუთვისებელი ჰქონდა. ასეთია სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 1 მილიარდ 815 მილიონ ლარს შეადგენდა. ხაზინის ცნობით, 11 თვეში ამ თანხიდან მხოლოდ 1 მილიარდი ლარი იყო ათვისებული. შესაბამისად, დეკემბერში გასაწევი ხარჯი 811 მილიონ ლარს შეადგენდა. აუთვისებლობის მიზეზად მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება სახელდებოდა.

პარლამენტის მიერ 13 დეკემბერს დამტკიცებული ცვლილებით, სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 250 მილიონი ლარით შემცირდა. შესაბამისად, დეკემბერში ასათვისებელი თანხა 561 მილიონი ლარია. სამინისტრო ამ თანხის დიდ ნაწილს ავანსად იმ კომპანიებს გადაუხდის, რომლებიც მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს 2019 წელს დაიწყებენ. მათთან შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.