სერგეენკო: სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის 50-ლარიანი დახმარება 2 ტიპის იქნება

742

წინა სტატია

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გადასაცემი 50-ლარიანი დახმარება, თავდაპირველად, მუნიციპალიტეტების გარკვეულ ნაწილში შერეული სახით (როგორც ფულადი, ისე ვაუჩერული) დაინერგება, ნაწილში კი მხოლოდ მონეტარული ფორმის იქნება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

სერგეენკოს ინფორმაციით, ორივე ტიპის დახმარების გაცემა 2019 წლის იანვრიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში განხორციელდება, შემდეგ კი მის საბოლოო სახეს აირჩევენ.

“ბავშვთა დახმარებებზე სხვადახვა ქვეყანა სხვადახვა მეთოდს იყენებს. ზოგი ქვეყანა იყენებს მხოლოდ მონეტარულს, ზოგი შერეულს: მონეტარულს და მიზნობრივ ვაუჩერებს, რომლებიც კვებისა და ტანსაცმლისთვის არის განკუთვნილი.

რამდენიმე ქვეყანას ამ მიდგომების ეფექტურობის შესახებ კვლევა აქვს ჩატარებული და ისინი იყენებენ სპეციფიკურ მიდგომებს. მაგალითად, ევროპის ქვეყნებში არის უმეტესად მხოლოდ მონეტარული, აშშ-ში არის შერეული. ჩვენს შემთხვევაში იუნისეფთან კონსულტაციით გადავწყვიტეთ, რომ პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ეს იქნება შერეული, რომლის შედეგების შედარებაც 6 თვის განმავლობაში მოხდება ანუ გარკვეული ლოგიკით არჩეულ მუნიციპალიტეტებში იქნება მხოლოდ მონეტარული, ხოლო სხვაგან შერეული. 6 თვის შემდეგ ზეგავლენის ეფექტურობას გავზომავთ და რომელიც უფრო შედეგისმომცემი იქნება, ამ გზით გავაგრძელებთ , –  განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებზე 50-ლარიანი დახმარების გაცემა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან იგეგმება. ამასთან, პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე მოზარდები და ოჯახები, რომლებშიც ბავშვები იზრდებიან, მიიღებენ ხუთჯერ მეტ დახმარებას.