“ნაცმოძრაობა” ქუთაისის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს

696

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიას, კომპანია “სანოსთან”, რომელმაც ქუთაისში სოციალური საცხოვრისი მოაწყო, კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

როგორც საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ  განაცხადა,  მერიამ 2019 წლის ბიუჯეტში კომპანიისთვის ასანაზღაურებლად 528 000 ლარი გაითვალისწინა. ეს ის თანხაა, რაც “სანოს” მერიასთან 2017 წლის 8 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით ეკუთვნოდა და რის გადახდაზეც მერიამ მას უარი უთხრა. კომპანიამ კი მერიას სასამართლოში უჩივლა.

გიგა შუშანია ამბობს, რომ ამ პირობებში ბიუჯეტში ამ თანხის ისევ დაბრუნებით,  მერია ადასტურებს, რომ კომპანიასთან გარიგებაში შევიდა.

“ერთი ის, რომ მერია წინასწარ ამბობს, საქმეს წავაგებო და უკვე აქვს ბიუჯეტში ჩადებული ასანაზღაურებელლად თანხა, ხოლო, მეორეს მხრივ, ადასტურებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გარიგებაში შევიდა კომპანიასთან. ეს მოხდა იმის სანაცლოდ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული გუნდი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. სირცხვილია, რომ მერია ნაცვლად იმისა, რომ  უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო სასამართლოში დავობდეს, დამატებით აძლევს ფულს კომპანიას, რომელმაც ისეთი ხარვეზებით მოაწყო შენობა, რომ იქ ცხოვრება არის საშიში და სიცოცლხისთვის სახიფათო”,–ამბობს გიგა შუშანია.

ქუთაისის მერიაში “ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებას უარყოფენ.

მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ კომპანიისთვის, რომელმაც ქუთაისში სოციალური საცხოვრისი ხარვეზებით მოაწყო,  თანხის გადახდას არ აპირებენ და ბიუჯეტში 528 000 ლარის გათვალისწინება ვალდებულება იყო, რადგან “სანოსთან” მიმდინარე სასამართლო დავა დასრულებული არ არის.

“არამარტო 528 000 ლარის არაგადახდას ვაპირებთ, არამედ, მილიონ ლარამდე ვედავებით ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამო. რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტში ამ თანხის ჩადებას, ბიუჯეტში უნდა იყოს ის თანხა, რისი გადახდის ვალდებულებაც გვაქვს და ვიდრე ჩვენ არ გვექნება სასამართლოს გაადწყვეტილება, ვალდებული ვართ, რომ ეს ციფრი იყოს ასახული”,–ამბობს დავით ნიშნიანიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში სოციალური საცხოვრისი 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ შენობის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სინამდვილეში ქუთაისის მერიამ კომპანია “სანოს” ჯამში 4 372 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფრომა. აქედან 528 000 ლარი  მერიას ამ დრომდე ანაზღაურებული არ აქვს.