ხაშურის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა

711

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

როგორც  ხაშურის მერიაში აცხადებენ, ბიუჯეტის მოცულობა 13 901.1 ათასი ლარით არის განსაზღვრული, რაც 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 915.3 ათასი ლარითაა გაზრდილი. შესაბამისად, 2018 წლის ბიუჯეტთან შედარებით, გაზრდილია სოციალური, ინფრასტრუქტურული და ზოგადად, ყველა პროგრამისა და ღონისძიების დაფინანსების მაჩვენებელი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად, მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსავლად განისაზღვრა დამატებითი ღირებულების გადასახადი. აქედან გამომდინარე, 2019 წლის ბიუჯეტის გადასახადები 9213,5 ათასი ლარით არის გაზრდილი.

“ბიუჯეტის დამტკიცებას მასმედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საკრებულოს სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ხაშურის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტი საკრებულომ ერთხმად დაამტკიცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.