მარნეულის ყოფილ მერს გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს

802

წინა სტატია

თემურ აბაზოვის თქმით, ის და მისი ოჯახი ამ საქმეში მსხვერპლია.

“მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ვარ უდანაშაულო, ვარ მსხვერპლი, ჩემი ოჯახია პირველ რიგში მსხვერპლი. მოლოდინი მაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გამამართლებს. შედგა საპროცესო გარიგება, შემეფარდა გირაო. ხედავთ, რომ ჩვენ პროცესზე ჩვეულ რეჟიმში ვცხადდებით ხელს არ ვუშლით სასამართლო პროცესს”, – განაცხადა სხდომის დასრულებისას თემურ აბაზოვმა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის, აზერ სულიემანოვის, ელჩინ გულიევისა და რამინ ალახვერდიევის საქმეზე, მოწმეთა დაკითხვა დასრულდა. დღეს სასამართლოს მიერ ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის გამომძიებლები დაიკითხნენ, რომელთაც გამოძიების პროცესში მოძიებულ და მოკვლეულ მტკიცებულებებზე ისაუბრეს.

13 დეკემბერს თემურ აბაზოვი 10 000 – ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი, პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი, რამინ ალახვერდიევი და ელჩინ გულიევი წაყენებულ ბრალს არ აღიარებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ასახული დანაშაულის გამო, რომელიც მარნეულის მკვიდრის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს უკავშირდება, პროკურატურამ მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარნეულის მერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 14 ივნისს შეეფარდა.