ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

821

ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მომატება, სოციალურ პაკეტში დარჩენილი თანხა და მრავალშვილიან ოჯახებზე დაწესებული რეგულაციები გააპროტესტესტეს. მათი შეფასებით, ეს სამარცხვინო ფაქტია. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ხალხი შიმშილით იხოცება და ესენი კი ხელფასებს იმატებენ წლის ბოლოს. ფოთი საერთოდ განადგურებულია, არაფერი კეთდება ამ ქალაქში. არჩევნები მოიგეს კრიმინალებით, ხახვით, კარტოფილით, ფულის გაცემით, დაშანტაჟებითა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით. ხელფასებს და პრემიებს უმატებენ საჯარო მოხელეებს, დაუფასეს არჩევნებში გაწეული შრომა. ეს არ არის გასაპროტესტებელი? სოციალური პაკეტიდან მორჩათ თანხა და ამ თანხას სხვა მუხლზე, რომ გადაიტან, სამარცხვინოა“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია, ოპოზიციის პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, ყველა ქმედება კანონით არის განსაზღვრული.

“ეს არჩევნების წინ რომ გაგვეკეთებინა, იტყოდნენ, წახალისების მიზნით უმატებენ ხელფასებსო. ეს არის კანონით განსაზღვრული ქმედება, რაც დავუდასტურეთ აღმასრულებელ ხელისუფლებას. რაც შეეხება სოციალურ პაკეტში დარჩენილ თანხას, გამოყენებული იქნება სხვა ხარჯებისთვის“, – აღნიშნა კაკულიამ.