“ნაცმოძრაობა” ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

672

წინა სტატია

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. “ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანლის ანა წითლიძის თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტის დოკუმენტი დანაშაულებრივია. წითლიძე საკრებულოს წევრებს მოუწოდებს, ბიუჯეტს მხარი არ დაიჭირონ. ინფორმაციასინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ზუგდიდელები იმსახურებენ იცოდნენ, ვის უნდა გადაუხადონ ხელფასები. ეს არის დანაშაულებრივი დოკუმენტი, რადგან 34 მილიონ 500 ათასიდან 19 მილიონი გათვალისწინებულია სახელფასო ფონდისთვის, 3 მილიონი ადმინისტრაციული მომსახურებისთვის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ის 2 300 ადამიანი, ვისაც მომავალ წელს ჩვენი ჯიბიდან ხელფასს გადავუხდით. ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ ბიუჯეტს და მოვუწოდებთ საკრებულოს წევრებს, ხმა არ მისცენ დოკუმენტს და უკან დააბრუნონ“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

წითლიძემ შესაბამის სამსახურებს მოუწოდა დაინტერესდნენ, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება ბიუჯეტიდან თანხები და რა ფუნქცია აქვს მერიის, ა(ა)იპ-ის და საკრებულოს 2 300 თანამშრომელს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს, ფრაქცია “კონსერვატორების“ წევრმა კონსტანტინე კაკავამ უპასუხა. კაკავას მტკიცებით, ანა წითლიძეს არც ერთ კომისიურ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და ბიუჯეტზე მითითების გაცემის მორალური უფლება არ აქვს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, კაკავა დარმწუნებულია, რომ მერია ყველა შენიშვნას გაითვალისწინებს და შემდეგ მოხდება მისი დამტკიცება.

“პირველადი ვერსია მერიას ძალიან მკაცრი კონკრეტული შენიშვნებითა და რეკომენდაციებით გადავუგზავნეთ, მივმართეთ, რომელ ნაწილში უნდა გაზრდილიყო ასიგნებები. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა იყოს მიმართული მოქალაქისკენ და ნაკლები ბიუროკრატიული ხარჯი. დარწმუნებული ვარ, რომ მერია და საკრებულო გააკეთებს ყველაფერს და ეს ბიუჯეტი იქნება მორგებული იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რომელიც ზუგდიდელებსა და მუნიციპალიტეტს აქვს“, – განაცხადა კონსტანტინე კაკავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.