აფხაზეთსა და სამეგრელოში მცხოვრებლებს ბიზნეს იდეებს დაუფინანსებენ

691

სამეგრელოსა და აფხაზეთში, კერძოდ, გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრებლებს სამეწარმეო საქმიანობის წამოწყება – განვითარებაში დაეხმარებიან. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

ადამიანებს, რომლებსაც კონკრეტული ბიზნეს იდეა \ქვთ, ან არსებული საქმიანობის გაფართოვება სურთ, გრანტები გადაეცემათ. ეს იქნება, ძირითადად, დანადგარები, მოწყობილობებ და მასალები. პროექტის პრიორიტეტულ სამიზნე ჯგუფს დევნილები წარმოადგენენ. თუმცა საკუთარი ინიციატივის წარდგენა ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეეძლებათ.

“თუ თქვენ საინტერესო ჩანაფიქრი გაქვთ, რომლის ბიზნესად ქცევას გადაწყვეტთ, პირველ რიგში ამ ყველაფრის საპროექტო წინადადების სახით მომზადება მოგიწევთ. შემდეგ ამ იდეებს სპეციალური კომიტეტი გადაარჩევს, რომელიც მათ შორის ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული. სფერო და მიმართულება შეზღუდული არ არის. მთავარი შემფასებელთა დარწმუნება იქნება, რომ იდეის წარმატებით რეალიზება მოხერხდება, რისკების გათვალისწინებით. იმოქმედებს თანადაფინანსების კომპონენტი. ამ შემთხვევაში ინიციატორს გრანტის მოცულობის 5%-ის გადახდა მოუწევს. თუმცა, ეს პროექტის მკაცრი მოთხოვნა არ არის და ინიდივიდუალურ შემთხვევებში გადახდისგან, შესაძლოა, კონკრეტული პირები გათავისუფლდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტს საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი“ და ASB Georgia ახორციელებს.

“აფხაზეთის“ პროგრამის მენეჯერმა დავით გუჩუამ განაცხადა, რომ ისინი მოსახლეობას ორი ტიპის საგრანტო დახმარებას სთავაზობენ. ერთი ბიზნესის წარმოება-გაფართოებას გულისხმობს, სადაც გრანტის მოცულობა 1000-დან 3 ათას დოლარამდეა. მეორე კომპონენტი კი მცირე ვაჭრობის ხელშეწყობაა.

პროექტის ფარგლებში აფხაზეთში გრანტს 90 მიკრო და მცირემეწარმეზე გასცემენ. მიზანი მათი გაძლიერება, ქართველ მიმწოდებლებთან საქმიანი თანამშრომლობის ხელშეწყობა, ერთობლივი ბიზნესინიციატივების წახალისება და ურთიერთმომგებიანი საქმიანი ურთიერთობებით ნდობის აღდგენაში დახმარებაა.

ზუგდიდსა და აფხაზეთში, არასამთავრობო ორგანიზაციის ბაზაზე ბიზნესცენტრები შეიქმნება, სადაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას მიაწვდიან და კონსულტაციას გაუწევენ.

პროექტი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ლტოლვილთა და მიგრაციის ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობის ხარისხს ინიციატორები პერიოდულად მონიტორინგს გაუწევენ.