ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და იმერეთის განვითარებისთვის 6,8 მილიონი ევრო გამოიყო

255

მთის საერთაშორისო დღეს საქართველოში მთის ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპულ პროექტს მოეწერა ხელი. ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივი პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 6,8 მილიონ ევროს შეადგენს ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის განვითარებას შეუწყობს ხელს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

“მთის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას პროექტის “მწვანე ეკონომიკა: მდგრადი მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა (GRETA)“ დასაწყებად.

პროექტი ითვალისწინებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას, მათი პროფესიონალიზმის ამაღლებისა და მასშტაბების გაზრდის მიზნით. ასევე, პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკისთვის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტის შემუშავება მოხდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით.

ოთხწლიანი პროექტი 2019 წელში დაიწყება და დაფინანსებულია ევროკომისიის (3 მილიონი ევრო) შვედეთის (2.8 მილიონი ევრო) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ (1 მილიონი ევრო). პროექტს ავსტრიის განვითარების სააგენტო განახორციელებს 9 კაციანი გუნდის საშუალებით, რომელიც მუდმივად იქნება განთავსებული მესტიასა და თბილისში.

“სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით პროექტი ითვალისწინებს სხვადასხვა ღონისძიებების განხორცილებას. მათ შორის, ადგილობრივი მიმწოდებლებისთვის ტურისტული სერვისების მიწოდების ეროვნული ხარისხის სტანდარტებისა და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას. შემუშავებული სტანდარტების საფუძველზე სასტუმროებისა და სამთო/სამოგზაურო გიდების სერტიფიცირებას. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება გამოცდილების გაზიარება ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, სამთო/სამოგზაურო გიდების და სასტუმროების მესაკუთრეების შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო მიზნებისთვის საჩვენებელი სამთო სასტუმროს შექმნა. ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული სოფლის მეურნეობის კანონმდებლობის ჰარმონიზებას ევროკავშირის ორგანულ სოფლის მეურნეობის კანონმდებლობასთან, შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებას, სერტიფიცირების სააგენტოების და აგრო-საკონსულტაციო მომსახურების მიმწოდებლების შესაძლებლობების განვითარებას, ორგანული სოფლის მეურნეობით დაკავებული ან დაინტერესებული ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებას, ასევე, საკონსულტაციო მომსახურების განვითარების ხელშეწყობას და ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში მწარმოებლებს, მიმწოდებლებსა და გამყიდველებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებას“, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

პროექტის შემუშავება მოხდა 49 მილიონი ევროს ღირებულების ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ეკონომიკის და ბიზნესის განვითარებას ისახავს მიზნად. პროგრამის ხელმოწერა მოხდა 21 ნოემბერს ბრიუსელში, მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში. შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიზნესისთვის სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება, თანამედროვე ფინანსური სერვისების განვითარება და ინოვაციური ბიზნეს მოდელების შემუშავება.