ბათუმში საკრებულოს სხდომა “ნაცმოძრაობისა“ და “ქართული ოცნების“ დაპირისპირებით დაიწყო

775

ხმაურითა და ურთიერთბრალდებებით დაიწყო ბათუმის საკრებულოს სხდომა. “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს წევრებს თორნიკე რიჟვაძის განცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება მოსთხოვა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

“რიჟვაძე პირდაპირ დაემუქრა ოპოზიციას შურისძიებით. თუ თქვენ ეთანხმებით ამ პათოსს აქ ვარ და შეგიძლიათ დაიწყოთ შურისძიება,” – ასე მიმართა უმრავლესობის წევრებს მირდატ ქამადაძენ.

“ქართული ოცნების” წევრები განმარტავენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლის ჯელალ ქიქავას განცხადება იყო შეურაცხმყოფელი და ბოდიში სწორედ მათ აქვთ მოსახდელი.

“გამოდით და ბოდიში მოიხადეთ, რომ არა მთავრობს თავმჯდომარის განცხადება ძალიან ცუდი ამბები მოხდებოდა. თავმჯდომარის ვაჟკაცურმა განცხადებამ შეაჩერა ეს პროცესი, თქვენ მაინც იცით ზემო აჭარის ლოგიკა”,- ქამადაძეს ასე უპასუხა საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ. რის შემდეგაც ურთიერთბალდებები სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

“პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას,“ – ამ სიტყვებით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ 10 დეკემბერს ოპოზიციის წარმომადგენელ ჯელალ ქიქავას. ეს “გაერთიანებული ოპოზიციის“ ერთ-ერთი წევრის ჯელალ ქიქავასთვის განკუთვნილი პასუხი იყო, რომელმაც აჭარლები შეურაცხმყოფელად მოიხსენია. “300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს, ცოლებს, შვილებს იპარავდნენ, მუსლიმანობას აღებინებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. ამათ 6 თვეში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გამოიყვანეს გარეთ და კინაღამ თავისი ქალაქი გადააწვევინეს“, – თქვა ჯელალ ქიქავამ.

ბათუმის საკრებულოში დეპუტატები რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხს განიხილავენ.