2019 წელს სიღნაღის მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდი 142 000 ლარით მოიმატებს

695

2019 წლის ბიუჯეტის პროექტით სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისთვის 1 636 000 ლარია გათვალისწინებული. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

როგორც სიღნაღის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, მალხაზ სიფრაშვილმა განაცხადა, საჯარო მოხელეებისთვის განკუთვნილი სახელფასო ფონდი გასულ წელთან შედარებით 142 000 ლარით გაიზრდება.

“2018 წლის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 8 516 000 ლარი იყო თავიდან და შემდეგ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაემატა, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი განისაზღვრება 8 694 000 ლარით. მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდი გაზრდილია, დაახლოებით, 142 000 ლარით. გარდა ამისა, გაიზარდება ა(ა)იპ-ი ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასი და მათი სახელფასო ფონდი შარშანდელთან შედარებით 300 ათასი ლარით მოიმატებს. 2018 წელს მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფინდი იყო 1 494 ათასი ლარი და მომავალ წელს განსაზღვრულია 1 636 000 ლარი“, – განაცხადა სიფრაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მუნიციპალური ბიუჯეტიდან მომავალი წელს ინფრასტრუქტურის მიმართულებით იგეგმება 341 000 ლარის დახარჯვა. სოციალურ მიმართულებაზე გათვალისწინებულია 502 000 ლარი, სკოლამდელი განათლების დაფინანსებაზე კი განსაზღვრულია 1  700 000 ლარი.