ქუთაისის მერია “თეთრი ხიდის” სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას სასამართლოში უჩივლებს

649

წინა სტატია

ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანია “ალმა რუს საქართველოს” ხელშეკრულება 5 დეკემბერს შეუწყვიტა და ხუთი დღის ვადაში გადარიცხული თანხიდან 185 ათასი ლარის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ხუთი დღის ვადა ამოიწურა, რის გამოც მერიამ თანხის უკან დასაბრუნებლად, სასამართლოს უნდა მიმართოს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

ყაზახური კომპანიის ფილიალის ” ალმა რუს საქართველოს” წარმომადგენელი  ზურაბ ყურუა ნიუპრესის კითხვაზე,  აპირებს თუ არა მერიის მოთხოვნის შესრულებას, არ პასუხობს და მოუცლელობას იმიზეზებს.

ქუთაისის მერიაში კი აცხადებენ, რომ კომპანიას თანხა უკან არ დაუბრუნებია და მერია სასამართლოს მიმართავს.

“მე ვესაუბრე საფინანსო სამსახურის უფროსს დავით ნიშნიანიძეს,  როგორც მან მითხრა, ამ დროისათვის თანხა ანგარიშზე დარიცხული არ არის. შესაბამისად, მომზადდება სარჩელი და მოკლე ხანში მივმართავთ სასამართლოს ამ თანხის დაბრუნების მოთხოვნით”- განაცხადა მერიის იურიდიული განყოფილების უფროსმა ირაკლი გიორგაძემ.

თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა, თუმცა, ახლადრეაბილიტირებულ თეთრ ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის და რამდენიმე ფილა ფეხის დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.

თეთრი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მერიის ინფორმაციით, მისი რეაბილიტაციისთვის კომპანია “ალმა რუს საქართველოს”  294 900 ლარი გადაურიცხეს.