ოპოზიცია: ქუთაისის მერიის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის შინაარსი გაუგებარია

953

წინა სტატია

ქუთაისის მერიის მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის შინაარსი ოპოზიციისთვის გაუგებარია. საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო ბრეგაძე აცხადებს, რომ მერია და ზოგადად, ხელისუფლება ქმედებებში არათანმიმდევრულია, რაც ცუდ შედეგს მოიტანს. მისი თქმით, მერიამ რეორგანიზაციის გასამართლებლად უჩვეულო არგუმენტი მოიყვანა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.

“მე არ მესმის, ეს რეორგანიზაცია რას ნიშნავს. ერთი წლის წინ ატესტაცია-რეორგანიზაცია ჩაატარეს.  ხალხს სერთიფიკატები და მადლობის სიგელები დაურიგეს და ახლა ისევ რეორგანიზაციაა,  არ ვიცი რამდენს გაუძლებენ ეს ადამიანები.  ვერ ვხვდები რეორგანიზაციის შინაარსს. რეორგანიზაცია ზოგადი სიტყვაა, მაგრამ როცა ატარებ, მასაც ჭირდება არგუმენტი. ამ ჯერზე არგუმენტი არის ის, რომ თანამშრომლები თურმე ხალხში არ გამოიდიან და  კაბინეტებში სხედან, არჩევნებამდე არ იჯდნენ კაბინეტებში? მართვაზე არ აქვთ წარმოდგენა. მერის  მიერ  გამოცხადებული რეორგანიზაცია,  მისი მივლინება თუ რაც ერქვა ჭიღვარიას წასვლას, ეს არის კონსულტაციები პარტიაში და ნიშნავს იმას, რომ არიან არათანმიმდევრულები, სპონტანური ნაბიჯებით მიდიან და რა შედეგს მოიტანს ეს, წარმოდგენა არ მაქვს“, -განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ბრეგაძე მერიის რეორგანიზაციას პარტიული აქტივის დასაქმების ვალდებულებით ხსნის და აცხადებს, რომ ეს ვალდებულება “ქართულ ოცნებას“ არჩევნებიდან არჩევნებამდე აქვს.

“ახალი ვალდებულების ტალღაა,  რომელიც აიკიდა “ქართულმა ოცნებამ“ პარტიული აქტივის დასაქმების მხრივ და  რომელიც აქამდე გადაუჭრელი აქვთ. ვალდებულება არჩევნებიდან არჩევნებამდე აქვთ და ამას ემსახურება რეორგანიზაცია, გაიზრდება თანამშორმელთა რაოდენობა“, -განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა და 2019 წლის 28 თებერვალს უნდა დასრულდეს.

რეორგანიზაციის გამოცხადებას წინ უძღოდა საკრებულოში უმრავლესობის დეპუტატის, ალეკო ახალაძის განცხადება იმის შესახებ, რომ მერიაში საკადრო ცვლილებები პოლიტიკური ნიშნით უნდა მოხდეს. ოპოზიციამ პროცესს “სადამსჯელო ოპერაცია” უწოდა, რომელიც მათი თქმით, იმ ადამიანების მიმართ გატარდება, ვინც წინასაარჩევნო კამპანიაში არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის
სასარგებლოდ არ იყო ჩართული.

ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში თანამდებობა, შესაძლოა, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამაც დატოვოს. რაზეც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს.