28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა

1654

წინა სტატია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში წინასაახალწლოდ მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება.მისი თქმით, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა, რომელშიც დამთვალიერებელს ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები, საღამოს თემატური კონცერტები და საშობაო ბაზრობა დახვდება.

“ნაძვის ხესთან დაკავშირებით გაქვს ძალიან მასშტაბური პროექტი, წინასწარ არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. უბრალოდ არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას, რამდენიმე დღეში გვეცოდინება პასუხი და მივიღებთ გადაწყვეტილებას ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით. ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში, აქაც ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას იმისიანებად და ამისიანებად. კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ამიტომ 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 7 იანვარს საახალწლო სოფელს ყველა დროის, ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი “ჩხიკვთა ქორწილი“ დახურავს, რომელიც პირველად გათამაშდება თბილისის ცის ქვეშ.

“რაც შეეხება გალაკონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა. საახალწლო და საშობაო განწყობისთვის, გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი“, – განაცხადა კალაძემ.

“თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალური ქუჩების მორთვა დაიწყო. ახალი საახალწლო განათებები რუსთაველის, თამარაშვილის, ჩოლოყაშვილის გამზირებზე, ასევე, კოსტავას, ბარათაშვილისა და მელიქიშვილის ქუჩებზე დამონტაჟდება. აქამდე  “თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციებისა და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა.

დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.

“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ. მისი განხადებით, საახალწლოდ დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თბილისში ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, სხვა ადგილზე დადგან.